თბილისში ბინის ქირა გაიაფდა, რასაც დარგის სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ.
როგორც უძრავი ქონების აგენტი ნელიკო გოგუაძე ამბობს, სექტორში როგორც გაყიდვები, ისე გაქირავება ჩავარდნილი იყო, თუმცა, მარტიდან მოთხოვნა ისევ გააქტიურდა.
ცნობისთვის, „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, თბილისში ბინის ქირაზე 2025 წლის იანვარში წლიურად 12%-ით არის შემცირებული ფასები.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში საცხოვრებელი ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1 კვ.მ.-ზე 10.7 დოლარს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარში ფასი 12 დოლარს აღწევდა.
„ბოლო 3 თვე ქირაზე მოთხოვნა ჩავარდნილი იყო, თუმცა უკვე მარტიდან ცოტა გააქტიურდა. ამ პერიოდში ფასიც შემცირებული იყო. უბნების მიხედვით, განსხვავებული სურათი გვქონდა, ზოგან 10%-ანი კლება იყო, თუმცა მკვეთრი გაიაფება არსად არ ყოფილა. მაგალითად, შეიძლება ბინის ქირის ფასი 1000 დოლარი ყოფილიყო და ვიღაცას გაექირავებინა 900 დოლარად. ეს საერთო ჯამში არ არის მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილება.
ქირაზე ძირითადი მოთხოვნა მოდის უკრაინელებისგან, ასევე ქართველებისგან, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და აქ დროებით ჩამოვიდნენ“, - ამბობს ნელიკო გოგუაძე.
მისი თქმით, ისეთი კრიზისული პერიოდი, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზეა, ადრეც ყოფილა, თუმცა სიტუაცია გამოსწორებადია.
„ნებისმიერ ბიზნესზე ძალიან ისახება პოლიტიკური სიტუაცია. იქ სადაც სიმშვიდეა, სტაბილური გარემოა, მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება უფრო აქტიურია. მე ვფიქრობ, ასეთ კრიზისული პერიოდები ყოფილა, მაგრამ ის, რომ რაღაც მასშტაბურია და ბაზარი ვერ გაუძლებს, არ ვიზიარებ ამ პოზიციას. ასეთი რთული პერიოდები იყო თუნდაც 2008 წლის ომის შემდეგ. ამ ბიზნესს ახასიათებს ეს, მაგრამ შემდეგ ისევ აქტიურდება.
მითუმეტეს, რომ ახლა მოთხოვნა უკვე წამოვიდა როგორც ყიდვაზე ისე, ქირაზეც. უფრო ბიუჯეტურზე, თუმცა იმ ჩავარდნის შემდეგ იმას ვეღარ ვიტყვით, რომ გაყინულია ბაზარი“,- ამბობს ნელიკო გოგუაძე.