გასულ ღამეს ვაკეში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ე.წ კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძე.
არსებული ინფორმაციით, მას ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე ესროლეს. როგორც ცნობილია, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
ძმები ჯანგველაძეები სოხუმში დაიბადნენ. უფროსი ძმა მერაბი ე.წ. კანონიერი ქურდი ცნობილია მეტსახელით "სოხუმსკი". მოკლული ლევან ჯანგველაძე 58 წლის იყო. ის იყო ბიზნესმენი და ძირითადი ბიზნესი რუსეთში ჰქონდა.
"ლევან ჯანგველაძე იყო მსხვილი მაფიოზი ბიზნესმენი, გადაადგილდებოდა დაცვით, 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ თითქოს კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან ჰქონდა დაპირისპირება, თუმცა დეტალები უცნობია. ფაქტია, მომხდარი კრიმინალური გარჩევაა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ შურისძიებაც იყოს", - უყვება Ambebi.ge-ს წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ცნობისთვის, 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძე მოკლეს, დაჭრილია მისი თანმხლები პირი დაჭრეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. შსს-ში ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.