„სოფლის მეურნეობაში USAID-ის დიდი როლი ეკავა, ძალიან ბევრი ბენეფიციარი ფერმერი ჰყავს ამ პროგრამებს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში USAID-ს დიდი როლი ეკავა. ამ წლების განმავლობაში სულ მცირე 2-3 პროექტი სოფლის მეურნეობისკენ იყო მიმართული, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ბენეფიციარი ფერმერი ყავს ამ პროგრამებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საგრანტო პროგრამები. ვერ გეტყვით საქართველოში ეს პროგრამები რა და როგორ დარჩება, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით ეს პროგრამები არ იქნება.
USAID-ის პროექტები სხვადასხვა კატეგორიის ფერმერებს ეხებოდა. მიმდინარე 2 პროგრამა, რომელიც ბოლო წლებში ხორციელდებოდა, ერთი ეხებოდა შედარებით მცირე ფერმერებს, რომელიც ე.წ საზღვრისპირა სოფლებთან იყო. მეორე პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო ხელს უწყობდა აგროსასურსათო ექსპორტის დივერსიფიკაციას. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე და მეტად დივერსიფიციებული ყოფილიყო ჩვენი საექსპორტო ბაზრები. ეს პროგრამა უფრო მსხვილ ბიზნესებს ეხება, რომელშიც საშუალო და მსხვილი აგრო ბიზნესები არიან ჩართული, როგორიცაა: ღვინის სექტორი, რომლებშიც ბევრი მცირე მარანიც მოქმედებს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დარჩა რეგიონი და მიმართულება, რომელშიც USAID-ის გადაკვეთა არ ყოფილიყო“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად აუქმებს. მანვე აღნიშნა, რომ გაუქმდა 5 200 კონტრაქტი, რომელშიც „ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა“.