„თუ კომპანიების ბრუნვა გაიზარდა, დღგ-დან შემოსავალი კი შემცირდა, ე.ი. რაღაც ერთჯერადი ტრანზაქცია განხორციელდა“  - ფინანსისტი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მერყევია და ამიტომ ჯობია წლიურ ჭრილში შევხედოთ და არა მხოლოდ მეოთხე კვარტლის მონაცემებს“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ისაუბრა.

„პირდაპირ ინვესტიციებზე ჯობია გრძელვადიან ტრენდს შევხედოთ, რადგან მოკლე ვადაში მოძრაობები შეიძლება დამაბნეველი იყოს. როგორც წესი, პირდაპირი ინვესტიციები რამდენიმე მსხვილი პროექტის მიმდინარეობითაა განპირობებული, ამიტომ ერთი მსხვილი პროექტი შესაძლოა, ერთი თვის განმავლობაში განხორციელდეს და უცებს აიწიოს. პირდაპირ ინვესტიციის ეს მაჩვენებელი მერყევია და ამიტომ ჯობია წლიურ ჭრილში შევხედოთ და არა მხოლოდ მეოთხე კვარტლის მონაცემებს“, - აღნიშნა ბედინეიშვილმა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ფინანსისტის თქმით, ეს იძლევა მანიპულაციის საშუალებას, როცა ერთი თვის მონაცემებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ვადარებთ.

„2025 წლის იანვრის 11%-იანი ზრდა შედარებული იყო გასული წლის იანვართან. ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვანი უთანხმოებაა სტატისტიკაში. როგორც ვხვდები, იანვარში ბიუჯეტში დღგ-დან მიღებული შემოსავალი შემცირდა, ანუ იმ კომპანიების ბრუნვა შემცირდა, რომელიც დღგს იხდის. სტატისტიკით კი მათი ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა. ეს ესე მარტივად არ ხდება. ანუ მაჩვენებლებიდან გამოდის, რომ მსხვილი კომპანიების ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იწვევდა დღგ-ს ზრდას, ნაჩვენები იყო ისეთი ტრანზაქციები, რომელსაც დღგ არ სდევს. ტრანზაქციები ყოველთვის პროპორციულია დღგ-სი, თუ ბრუნვა დიდია, დღგ-ც დიდია. რადგან მონაცემებით ბრუნვა დიდი იყო, დღგ-დან შემოსავალი კი შემცირებული, ე.ი. რაღაც ერთჯერადი ტრანზაქცია განხორციელდა, ამავე დროს ეს ყველაფერი დაემთხვა ივანიშვილის მიერ ოფშორული ზონებიდან წილების გადმოტანას, როდესაც ძვირფასი ნივთები და ქანდაკებები შემოიტანა. ისეთ დიდ თანხებზეა საუბარი, რომ ამას შეიძლება გავლენა მოეხდინა მოკლე პერიოდში“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

ცნობისათვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1.333 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.9 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია,დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო მოპოვებით მრეწველობის სექტორში.

რაც შეეხება დღგ-ს, 2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დღგ-დან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები 0.9%-ით შემცირდა. 2025 წლის საანგარიშო პერიოდში გადასახადის ამ სახეობიდან ბიუჯეტში 805 536 734 ლარი შევიდა, 2024 წლის იმავე თვეში კი 812 979 202 ლარი.

მაგდა შენგელია