2024 წლის წარმატებული კამპანიის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველომ მოცვი დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, დუბაისა და რუსეთში გაიტანა, მოცვის ქართველი მწარმოებლები ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას გეგმავენ.
ამის შესახებ EastFruit საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.
ასოციაციის ცნობით, წელს წარმოების 7,000–8,000 ტონამდე ზრდა არის პროგნოზირებული. წარმოება მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2023 და 2024 წლებში ჩილესა და პერუში გაცნობითი მისიები შედგა, რომლის დროსაც ქართველმა ფერმერებმა წარმოების მეთოდებისა და პროდუქციის შორი ტრანსპორტისთვის მომზადების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.
ამჟამად მოცვის პლანტაციები 3000 ჰექტარს შეადგენს, თუმცა უმეტესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სამიდან ოთხ წლამდე ასაკის ნერგია და წარმოება სრული სიმძლავრით ჯერ ვერ მუშაობს. თუმცა ასოციაცია 2028 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 20,000–25,000 ტონა მოცვის წარმოებას პროგნოზირებს.
ევროკავშირში ექსპორტის გაფართოების გარდა, ასოციაცია მიზნად ისახავს ინდოეთში, ისრაელსა და საუდის არაბეთში მიწოდების დაწყებას. კიდევ ერთი გრძელვადიანი სამიზნე ჩინეთია, რისთვისაც ჯერ ფიტოსანიტარიული ოქმების შეთანხმება არის საჭირო.
ასოციაციის შეფასებით, მოცვის სექტორში საქართველოს პოტენციალის გასაღები უნიკალური საექსპორტო ფანჯარაა, რომელიც ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მსხვილი მწარმოებლებისგან კონკურენციას გამორიცხავს. კერძოდ, ქართული მოცვი მაისიდან ივლისის დასაწყისამდე მოდის და ბაზარზე მაშინ შედის, როცა მაროკო და ესპანეთი ბოლო მოსავალს აგროვებენ. ამასთან, სერბეთი ქართული მოცვის წარმოების დაწყებიდან, დაახლოებით, 12-14 დღის შემდეგ იწყებს მიწოდებას, რომელსაც რუმინეთი მოსდევს, ხოლო პოლონეთი ბაზარზე ივნისის ბოლო-ივლისის დასაწყისში ჩნდება.
საქართველოს კიდევ ერთი უპირატესობა, ზღვის დონიდან დაწყებული 1000 მეტრ სიმაღლემდე დამთავრებული, მოცვის მოშენების პირობების ფართო სპექტრია. ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს, წარმოება ღია გრუნტზე მაისიდან სექტემბრამდე გააფართოოს, ხოლო დაცულ გრუნტზე წარმოება ორი კვირით ადრე იწყება.
ასოციაციის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა, მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს, რადგან ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. კერძოდ, პროდუქცია ავიამიწოდებით, მაგალითად, დუბაიმდე 3,5 საათში, ხოლო ინდოეთში სულ რაღაც 5 საათში ჩავა.
რაც შეეხება ჯიშებს, ქართველი მეწარმეები ამჟამად ახლებზე არიან კონცენტრირებული, როგორიც არის Fall Creek და Sekoya, ხოლო ძველი, მათ შორის, Star-ის ჯიშები ადრეული წარმოებისთვის გამოიყენება.
საქართველოში მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა, ხოლო 2015 წელს პირველი კომერციული მოსავალი იქნა აღებული. თავიდან წარმოების, დაახლოებით, 1000 ჰექტარ ფართობზე მოყვანილი მოსავლის 99% ექსპორტზე რუსეთში გადიოდა.
2024 წლის ბოლოს ქვეყანა მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IBO) გაწევრიანდა.
ცნობისთვის: საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც სექტორის კონსოლიდაცია და განვითარება, ასევე, მსოფლიო ბაზარზე გასვლა და საერთაშორისო მასშტაბით ქართული მოცვის პოზიტიური რეპუტაციის შექმნაა. ასოციაცია 20 წამყვან მწარმოებელს აერთიანებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 1000 ჰექტარზე მეტ პლანტაციებს მართავენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ