„ყველა მძღოლმა იცის სად არის დამონტაჟებული ჭკვიანი კამერა და იმ არეალის გავლის შემდეგ ძალიან სწრაფად დადიან,” - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განაცხადა.
მანვე ისაუბრა, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები დამონტაჟდება.
„როდესაც მგზავრთა გადაყვანის საკითხის მოწესრიგებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის სიჩქარის გადაჭარბება. თითქმის ყველა მძღოლმა იცის სად არის დამონტაჟებული ჭკვიანი კამერები და იმ არეალის გავლის შემდეგ, ძალიან სწრაფად დადიან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობები უნდა დამონტაჟდეს,“ - განაცხადა იზორიამ.
როგორც იზორიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, საქართველოში მგზავრთა გადაყვანის, საგზაო უსაფრთხოების კუთხით, რიგი რეგულაციების განხორციელება უკვე დაწყებულია, ნაწილი კი იგეგმება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.
„რა რეგულაციებიც წესდება ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონმდებლობა ვერ უშველის, ამას აღსრულებაც სჭირდება. თუ ეკონომიკური განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა გვინდა, ამას კომფორტული გადაადგილების სისტემაც სჭირდება. ტურისტი რომ ჩამოდის საქართველოში, მას უნდა ჰქონდეს კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის მოლოდინი.
რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევით კი, ავტოსადგურებში კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა - მძღოლები არ იცავდნენ საგზაო წესებს, ავტოსადგურები არ იყვნენ მზად უსაფრთხოდ და კომფორტულად გაეშვათ მგზავრები A პუნქტიდან B პუნქტამდე. შესაბამისად, სახელმწიფომ ინიციატივა გამოიჩინა რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვისაც რეგულაციები შემოეღო. შედეგად, ავტოსადგურებს ბევრი მოთხოვნა ეკისრებათ, ეს არის ბაქნების არსებობა, ტრანსპორტმა ტექნიკური ინსპექტირების გავლა, ადგილზე, რეისზე გასვლამდე უნდა შეძლოს. ამასთან, მძღოლებმა სამედიცინო შემოწმებაც უნდა გაიაროს, რადგან ყველამ ვიცით, როგორ ხდება დღეს „ფორმა100-ის“ გაცემა. მისი აღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 20-30 ლარად. ამის შედეგად კი, არის შემთხვევები, როდესაც ისეთი მართავს ავტომობილს, ვინც არ უნდა ჯდებოდეს საჭესთან, აქედან გამომდინარე, უფრო მკაცრი კონტროლია საჭირო,“ - განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. ამ რეგლამენტებს შორის არის ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებაც, რომლის შესრულებაც ზოგიერთ სადგურში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 2025 წელს უნდა დასრულდეს. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით, ბაქნებითა და ა.შ. მოთხოვნები ყველა სადგურისთვის მისი ზომისა და ტიპის მიხედვით ინდივიდუალურად არის ფორმულირებული.
ამასთან, 2025 წლის 1-ლი მარტიდან უკვე ამოქმედდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის პირებს სპეციალური ნებართვის ვალდებულება წარმოეშობათ. საუბარია, იმ პირებზე, ვინც ახორციელებს როგორც საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, ასევე ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო.