ბათუმში, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების 85% საინვესტიციო მიზნით არის შეძენილი, დარჩენილი 15% კი საცხოვრებელი მიზნით შესყიდულ ქონებაზე მოდის. ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზღვისპირა ქალაქში, პირველად ბაზარზე, ბინების უდიდესი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არის შეძენილი. კერძოდ, კვლევის თანახმად, უცხოელების წილი გაყიდვებში 71%-ს შეადგენს, 26% უჭირავს ქართველ მყიდველებს, დარჩენილი 3% კი ემიგრანტებზე მოდის.
„ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების უმეტესობა საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი და ხასიათდება სხვა ეროვნების მყიდველების მაღალი წილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი, თბილისთან შედარებით, უფრო მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
შეგახსენებთ, ბათუმში 2025 წლის იანვარში ათასი საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1%-იანი კლებაა. საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე კი 1276 დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 21%-იანი მატებაა.