„საქართველო როგორც ლოჯისტიკური ჰაბი, წარმოების კუთხით, ჩინეთისთვის მიმზიდველი არ არის“ - ნიკოლოზ ალავიძე

„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ისტორიას უნდა შევხედოთ“, - ასე უპასუხა კვლევითი ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ნიკოლოზ ალავიძემ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ აშშ-ჩინეთის „სავაჭრო ომის“ შედეგად, კომპანიებმა წარმოება საქართველოში გადმოიტანონ.

მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს საქართველოში თურქული ტექსტილის წარმოების კუთხით. კერძოდ, საქართველოსა და თურქეთს შორის 2008 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს. ამას ემატება საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაც. ეს თურქულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში წარმოებული ტექსტილი ევროკავშირსა და სხვა ბაზრებზე საბაჟო გადასახადების გარეშე შეიტანონ.

თურქული ტექსტილის საწარმოების საქართველოში გახსნის პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შემდეგ. ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოში იმ პერიოდისთვის მუშახელის ანაზღაურება დაბალი იყო და თურქეთისთვის აქ პროდუქციის წარმოება მომგებიანი იყო. თუმცა, ამჟამად ქვეყანაში განსხვავებული სურათია:

„თურქეთმა აქ გამოიტანა წარმოება, რადგან აქ მუშახელი და ენერგეტიკული რესურსი შედარებით იაფი იყო. როდესაც თურქეთმა ეს მოძრაობა დაიწყო საქართველოში, მაშინ თურქეთში ასეთი განვითარებული არ იყო, ახლა თურქეთში გაცილებით სხვა ვითარებაა, გაზრდილია მოთხოვნა და შესაბამისი მიწოდება სჭირდება. ჩვენთან პირიქით მოხდა, მაინც და მაინც დიდად ვერ განვითარდა, მოთხოვნა იზრდება და წარმოება იმდენად ვერა, მუშახელი შემცირებულია, კომპეტენტური კადრების რაოდენობა საქართველოში მცირდება ემიგრაციის ფონზე და ამ ნაწილში ახლა კონკურენტული უპირატესობა ნამდვილად არ გვაქვს“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძე.

ჩინეთისთვის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლოა, აქ საწარმოების გადმოტანა მიმზიდველი იყოს, თუმცა ამის პარალელურად ქვეყანას აქვს ლოჯისტიკური პრობლემები და მუშახელის დეფიციტი, რაც საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას უკარგავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისთვის საქართველო შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ჩვენი ბაზარი როგორც ლოჯისტიკური ჰაბი წარმოებისთვის არ არის მიმზიდველი, რადგან არის ლოჯისტიკური პრობლემები, ენერგეტიკული რესურსების მიღების პრობლემები, მუშახელის და კვალიფიციური კადრების დეფიციტია და ჩინეთის მიერ წარმოების სხვაგან გადატანის ნაწილში, კონკურენტებთან შედარებით დაბალი უპირატესობები გაგვაჩნია“, - ამბობს ალავიძე.

საინტერესოა ისიც, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმისთვის, რომ მსოფლიოში ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მომდევნო სავაჭრო ომისთვის მზად ყოფილიყო.

„ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დაჩქარებულიყო ან მინიმუმ იმ გეგმით უნდა გაკეთებულიყო, რაც დაგეგმილი იყო წლების განმავლობაში. ვაკვირდებით როგორი გაჭიანურებულია E60-ის მშენებლობა, გვიხარია თითოეული კილომეტრის გახსნა, მაგრამ ეს პროცესი ათეული წლებია გრძელდება. ამასთანავე, ვაკვირდებით როგორ ჰაერშია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, საპორტო ინფრასტრუქტურა ნელა და გაუგებრად ვითარდება. ჩამოუყალიბებელია ლოჯისტიკური ქსელი საქართველოში და ეფექტურობის ხარისხი ძალიან დაბალია. პრობლემაა რკინიგზაზეც, ვაგონების არ არსებობა და ნაკლებობაა - ამ გლობალურ ციკლში ჩვენ თითქმის არ ვჩანვართ რუკაზე და თუ ვჩანვართ, საკუთარი მოხმარების ნაწილშიც პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამბიცია გვაქვს რომ გლობალურ ვაჭრობაში ვიყოთ ჩართული“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მერი ტაბატაძე