„3 თვე საერთოდ ჩავარდნილი იყო უძრავი ქონების გაყიდვები, ამიტომ, გაზრდილი ფასები ვერანაირად ვერ იქნება“

ბოლო კვლევების მიხედვით, თბილისში როგორც ახალაშენებული, ისე ძველ ბინები ფასი წლიურად გაზრდილია, თუმცა დარგის სპეციალისტების ამბობენ, რომ ეს ზრდა უმნიშვნელოა, ბოლო თვეების განმავლობაში კი ღირებულება შენარჩუნებულია.

მაგალითად, „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 20.4%-ით გაიზარდა ცენტრში, გარეუბანში 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.1%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ძველი ბინებს, საანგარიშო პერიოდში 12.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 6.2% და 5.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უძრავი ქონების აგენტი ნელიკო გოგუაძე bpn.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში სექტორში ჩავარდნა იყო, შესაბამისად, ფასის მატებაზე საუბარიც ზედმეტია. რაც შეეხება წლიურ ჭილს, მისი თქმით, არის გარკვეული ნიუანსები, რომლის ფასის სხვაობას იძლევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ღირებულება გაზრდილია.

„თუ ერთი წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ მაშინ, კი მომატებულია ფასი, მაგრამ ძალიან მცირედით, თუმცა, უბნების მიხედვით ინდივიდუალურია და ცალსახად იმასაც ვერ ვერ ვიტყვით, რომ ყველგან გაძვირდა. 2-3 თვეში რა ფასებიც იყო გასაყიდი, ისევ იგივე ფასებია. მეტიც, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი საერთოდ ჩავარდნილი პერიოდი იყო ურავი ქონების გაყიდვებში ამიტომ, გაზრდილი ფასები ვერანაირად ვერ იქნება.

გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც არ ითვალისწინებენ, ახალაშენებულ ბინებთან მიმართებით. დასაწყისში, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობს, პირობითად შეიძლება იყოს კვადრატულის ღირებულება 1000 დოლარი, მაგრამ მაშინ, როდესაც კორპუსი აშენდა,1300 დოლარი. ეს არ ნიშნავს, რომ გაძვირდა, უბრალოდ ასეთი კონცეფციით იყო გათვლილი იმისთვის, რომ დასაწყისშივე გაყიდონ რამდენიმე ბინა დაბალ ფასში და შემდგომ, როდესაც კორპუსი აშენდება, სხვა ფასია. შემდეგ საშუალო შეწონილი ფასია გამოყვანილი, რაც სინამდვილეში ის ღირებულებაა, რომლითაც იყო ჩაფიქრებული, რომ უნდა გაეყიდათ. ამ შემთხვევაშიც შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ მოიმატა 300 დოლარით, მაგრამ ეს ასე არ არის“,- ამბობს ნელიკო გოგუაძე.

მისი თქმით, აღნიშნული ვითარება უძრავ ქონებაში, ისევე როგორც სხვა ყველა ბიზნესში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. თუმცა, უძრავი ქონების აგენტი იქვე აღნიშნავს, რომ მარტიდან გაყიდვები ისევ გააქტიურდა.

„ნებისმიერ ბიზნესზე ძალიან აისახება პოლიტიკური სიტუაცია. ამ აქციების ფონზე, ბევრმა თავი შეიკავა ყიდვისგან, უყურებენ როგორ განვითარდება მოვლენები. იქ სადაც სიმშვიდეა, სტაბილური გარემოა, მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვა გაქირავება უფრო აქტიურია.

ახლა უკვე წამოვიდა მოთხოვნა, მაგრამ უფრო ბიუჯეტურ ბინებზე. ყოველ შემთხვევაში, იმ ჩავარდნის შემდეგ იმას ვეღარ ვიტყვით, რომ გაყინულია ბაზარი.

რაც შეეხება მომხმარებლებს, ამ ეტაპზე არიან როგორც ადგილობრივები, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. ასევე, უცხოელები, რომლებშიც გამოვარჩევდი ისრაელის მოქალაქეებს“, - ამბობს ნელიკო გოგუაძე.

ნინი ქეთელაური