„ევროკავშირის ბაზარზე არსებული თაფლის 80% ფალსიფიცირებული იყო, ახლა უკვე აანონსებენ თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით“

„ევროკავშირი აანონსებს თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით, დაველოდებით როგორ განვითარდება პროცესები და ევროკავშირის ბაზართანაც ვიმუშავებთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინა წლებში ქართული ნატურალური თაფლი ბულგარეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, იტალიისა და EU-ის სხვა წევრ სახელმწიფოებში გაჰქონდათ და აღნიშნულ ბაზრებს ქართველი ექსპორტიორები კვლავ დაუკავშირდებიან.

„გამუდმებით ისმებოდა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გავიდა ევროკავშირში ძალიან ცოტა რაოდენობის თაფლი. ეს გამოწვეული იყო ერთი იმით, რომ აკაციის ყვავილის ნაკლებობა გვქონდა, ხოლო მეორე - ევროკავშირს ჰქონდა დაბალი ფასები. ამასთანავე, ევროკავშირში თაფლის ანალიზები გაკეთდა. აღმოჩნდა რომ ბაზარზე არსებული თაფლის 80% ფალსიფიცირებული იყო. შემდეგ დაისვა კითხვა, როგორ მოხდა ეს თაფლი ევროკავშირში, ლაბორატორიამ რატომ ვერ აღმოაჩინა დარღვევა და ახლა უკვე აანონსებენ თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით. ჩვენ დაველოდებით როგორ განვითარდება პროცესები წელს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზართანაც ვიმუშავებთ. აქამდე ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებში გაგვქონდა თაფლი - ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია და ისევ დავუკავშირდებით ამ ბაზრებს“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.

ცნობისთვის, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 70%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 32.5 ტონა თაფლი (260 ათასი დოლარის), ხოლო 2023 წელს 747 ათასი დოლარის 109 ტონა.

2024 წელს ევროკავშირში (მხოლოდ ლატვიაში გავიდა) 1.12 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, ჯამურად მიღებულმა შემოსავლებმა კი 6 510 აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, გასულ წელს თაფლის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:

  • აზერბაიჯანი - 63.2 ათასი დოლარის 16 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 99.9 ათასი დოლარის 7 ტონა;
  • აშშ - 38 ათასი დოლარის 3.6 ტონა;
  • ერაყი - 21.8 ათასი დოლარის 2.99 ტონა;
  • ლატვია - 6.5 ათასი დოლარის 1.12 ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარში ქართული ნატურალური თაფლი ექსპორტზე არ გასულა.

მერი ტაბატაძე