საქართველო რუსეთის ბიზნესტურიზმის უცხოეთის მიმართულებებში ტოპ 10-ეულს ხურავს. ამის შესახებ ტუროპერატორ Ostrovok Komandirovk-ის მონაცემებში წერია, რასაც რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.
კერძოდ, გასული წლის ზამთრის სეზონზე ქვეყანაში რუსების საქმიანი ვიზიტებისას ერთი ღამის ღირებულება, მინიმუმ, 97 დოლარს (8,200 რუბლს) შეადგენდა, რაც, 2023 წლის ზამთრის ფასებთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია.
რუსეთის ბიზნესტურიზმის ბაზრის საზღვარგარეთის მიმართულებებზე ჯავშნების რაოდენობა გასულ ზამთარს წლიურად 40%-ზე მეტად გაიზარდა. ამის გამო ავიაჯავშნების სტრუქტურაში უცხოური მიმართულებების წილმა წლის განმავლობაში 10%-დან 11,5%-მდე მოიმატა.
მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთის ბიზნესტურიზმის ბაზარი შესაძლოა, 25-30%-ით გაიზარდოს.
ექსპერტების შეფასებით, უცხო ქვეყნებში მივლინებების რაოდენობით ბიზნესსექტორების ტოპ 3-ეულში პირველად მოხვდნენ საავტომობილო და მანქანათმშენებლობის კომპანიები, რომელთა აქტივობაც წლიურად 73%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მსგავს პოსტსაბჭოთა და აზიის ქვეყნებში რუსების საქმიანი ვიზიტები ხშირად მასშტაბირებასა და ახალი ფილიალების გახსნას უკავშირდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ