ბოლო დღეებში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში, რამდენიმედღიანი ინტერვალით, სამი ავტომობილი გადავარდა. პირველი ფაქტი, სამწუხაროდ, ტრაგედიით დასრულდა - ადგილზე დაიღუპა 24 წლის ბიჭი. შემდეგ, 11 მარტს და 16 მარტს, ისევ მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ორი მანქანა გადავარდა. საბედნიეროდ, გამვლელი ადამიანებისა და მაშველების დახმარებით ორივე მძღოლი გადარჩა. რატომ ხდება ამ ადგილას ავარიები და რა ზომებია მისაღები? - გვესაუბრება ექსპერტი, საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მევლუდ მელაძე:
- სადაც ხიდებია, გადავარდნის ალბათობა არის, მით უმეტეს განიერ სივრცეში - როცა სივრცე განიერია, მეტია აჩქარებული მოძრაობის ალბათობა და, შესაბამისად, საფრთხეც დიდია, ამიტომ სანამ ჯებირამდე მივა მანქანა, იქ უნდა იყოს დამცავი ბარიერი, ე.წ ბეტონის ბარიერის მსგავსი, რომ ტროტუარზე შევარდნა და მით უმეტეს - მდინარეში გადავარდნა ვერ მოახერხოს მანქანამ. იქ, სადაც ზედიზედ სამი შემთხვევა მოხდა, ჩქაროსნული სივრცე არ გვაქვს, წლები ისე გადის, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, მაგრამ ახლა ბედის ირონიით ერთმანეთს მიყვა ეს ფაქტები. როცა მსგავსი შემთხვევები ხდება, ამას შესწავლა სჭირდება, რომ გაირკვეს მიზეზი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან შემთხვევების მიხედვით რომ შეისწავლოს პრობლემა, ასეთი ჯგუფი არ არსებობს...
როცა პირველი მანქანა გადავარდა მტკვარში, შესაძლებელი იყო სწრაფი ანალიზის გაკეთება და სპეციალური დამცავი ბარიერის მოწყობა.
კარგი, დავუშვათ პირველი ავტოკატასტროფა შემთხვევითობას დავაბრალეთ და არ გავაკეთეთ არაფერი, მაგრამ იმავე ადგილას მეორე შემთხვევა რომ მოხდა, მაშინ მაინც ხომ იყო აუცილებელი ამის გაკეთება?! 16 მარტს უკვე მესამე შემთხვევა მოხდა - ეს უკვე მეტისმეტია. ზუსტად სქემისა და ოპერატიულობის არარსებობაზე მიუთითებს, რომ იქ რაღაც ხდება. ამას სჭირდება შესწავლა და სწრაფი რეაგირება, რომ განმეორებით არ მოხდეს კიდევ ახალი უბედურება. კარგია, რომ გადარჩა ის ორი ადამიანი და ამის ამსახველი ვიდეობიც ბევრმა გადაიღო, მაგრამ ცუდია ის, რომ ბედის ანაბარა ვართ ისევ დარჩენილები და პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ყველა შემთხვევაში, გვჭირდება სისტემური მიდგომა.
- რა უნდა გაკეთდეს მეტეხის ხიდის იმ კონკრეტულ ადგილას?
- უამრავი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს - გამყოფი ზოლის გაკეთება, სიჩქარის დაწევა და რეგულაცია.
იქ სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ავტომობილს რაღაცნაირად გაეთამაშო. ამან კი შეიძლება, მიგვიყვანოს ცუდ დასასრულამდე.
ვნახეთ, ქვეითიც როგორ ძლივს გადარჩა პირველი შემთხვევის დროს. ეს არის ტურისტული ზოლი და იქ სულ ხალხი მოძრაობს. ამიტომაც ვამბობ, უნდა იყოს ბარიერი, მინიმუმ, საფრთხის შემცველ ადგილას, უნდა იყოს გამიჯნული ფეხით სასიარულო გზა ან გზას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომ მსგავსი ქმედების შანსი არ იყოს.
- სიჩქარის გადაჭარბებაა ამ ავარიების მიზეზი?
- როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი სიჩქარე ჰქონდათ მძღოლებს იმისთვის, რომ მართვა დაეკარგათ და გადავარდნილიყვნენ. იმ კონკრეტულ ადგილას თუ არ გაქვს გამმიჯნავი ბარიერი, მაშინ გზის კონსტრუქცია უნდა იყოს ისეთი, რომ სიჩქარე დავიდეს მინიმუმამდე და არ გადავარდე მდინარეში.
ევროპაშიც სულ ვაკვირდები როგორი კონსტრუქციებია, ვერ ნახავთ იქ ვერც ერთ ხიდს, სადაც ასე მარტივად ახერხებს ავტომობილი გადავარდნას წყალში.ყველა შემთხვევაში, არის რაღაც მყარი ფორმის შემაკავებელი ბარიერი, რომლის გადანგრევაც ისე მარტივი არ არის. ჩვენს შემთხვევაში კი ძალიან მსუბუქი კონსტრუქციაა, ნებისმიერი შეჯახება იწვევს გარღვევას და გადავარდნას.