რაჭის ტყეების შემდეგ კურორტი „ლიბანი“ - ბიზნესმენი დავით ხიდაშელი სახელმწიფოს ქონებებს „უბრუნებს“?!

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს რაჭის ტყის შემდეგ კიდევ ერთი ქონება „დაუბრუნა“. ამჯერად საქმე ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ „ლიბანს“, რომელიც ბიზნესმენის კუთვნილმა კომპანიამ „ჯიენდიმ“ 2018 წლის მარტში პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შეიძინა.

„ჯიენდიმ“ კურორტი „ლიბანი“ - 5 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 003 000 ლარად იყიდა. მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მყიდველს ტერიტორიაზე 70 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა აეშენებინა, რისთვისაც 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯიენდიმ“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა, შესაბამისად, სახელმწიფომ დავით ხიდაშელის კომპანიას ვადა 2024 წლის აპრილის ჩათვლით გაუხანგრძლივა. თუმცა 2024 წლის აგვისტოს, მას შემდეგ, რაც „ჯიენდიმ“ ვალდებულება კიდევ ვერ შეასრულა, სახელმწიფომ გასხვისებული ქონება უკან დაიბრუნა.

საჯარო რეესტრის 2024 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, უწყებამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და „უძრავ ნივთზე გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია“ განახორციელა, რის საფუძველზეც კურორტი „ლიბანი“ ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.

ცნობისათვის, შპს „ჯიენდი” კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” შვილობილია, რომლის 100%-იან წილს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED ფლობს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროებშია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” რაჭის ტყეების სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან „გავიდა“, კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში 49-წლიანი ლიცენზია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა. როგორც სააგენტოში აცხადებდნენ, 2022 წელს გაცემული ლიცენზიის ვალდებულებებს კომპანია ვერ ასრულებდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ტყის ფართობი სახელმწიფომ უკან წაიღო. თავად დავით ხიდაშელი კი აცხადებდა, რომ მან ლიცენზია ნადირობისთვის იყიდა და მას „არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს“.

ცნობისთვის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საკუთრებაში ამ დრომდე რჩება თბილისში მდებარე „რიყის დოქები“ და კურორტი „ახტალა“.

„რიყის დოქები“ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 2022 წლის მარტში 10 მილიონ ლარად შეიძინა. იმავე წლის დეკემბერში თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაშია.

რაც შეეხება „ახტალას“, ბალნეოლოგიური კურორტი ხიდაშელის კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად იყიდა. აუქციონის პირობების თანახმად, ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რაშიც 12 000 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდებოდა. „ახტალა“ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში“ გაიყიდა.

ელზა წიკლაური