2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„2024 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების - 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 189.9 ლარი (7.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2024 წლის მე-4 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 170.8 ლარით (7.8%) გაიზარდა და 2 367 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 078.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.7 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 663.5 ლარი, გაიზარდა 8.0 პროცენტით) სფეროებში.
2024 წლის მე-4 კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 189.7 ლარით (10.7%) გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.