სომხეთს საქართველოდან გაზის მიწოდება შეუწყდა

სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების გამო დროებით შეუწყდა.

ინფორმაციას „გაზპრომ-სომხეთის“ პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში, კერძოდ, წერია, რომ “18 მარტს, 09:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს ტერიტორიაზე “ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” სატრანზიტო გაზსადენ ყაზახ-საგურამოს მონაკვეთზე (DN 1000) ავარიული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება.“

აღნიშნულ პერიოდში სომხეთში უწყვეტი გაზმომარაგება ბუნებრივი აირის შიდა მარაგიდან და ირანიდან დამატებითი მოცულობებით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით ხორციელდება. NSGP-ს საქართველოს მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 234 კმ-ს და მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ