თბილისის შემოსასვლელთან, მდინარე არაგვზე ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ხიდის ფილის დაზიანების შემთხვევები, 2024 წელს მომზადდა ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განმარტებით, ახალი ხიდი არსებული ხიდის პარალელურად აშენდება და მისი ღირებულება საბოლოო დოკუმენტაციის შესაბამისად დაზუსტდება.
„არაგვის ხიდის სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებულა. ხიდს უტარდება მუდმივი მონიტორინგი და გამოვლენილი დაზიანებების შეკეთება ტარდება პერიოდული მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში.
არაგვის ხიდის ფილა პირველად დაზიანდა 2023 წლის დეკემბერში და მსგავსი დაზიანებები 4-ჯერ გამოვლინდა 2024 წელს. დაზიანებული ადგილების შეკეთებას სულ, მოხმარდა 100 ათასი ლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ არაგვის ხიდი აშენებულია 70-იან წლებში, სრული რეაბილიტაცია ითხოვს მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სრულ ან/და ნაწილობრივ აკრძალვას და ბოლო პერიოდში გახშირდა ხიდის ფილის დაზიანების შემთხვევები, 2024 წელს მომზადდა ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი.
ახალი ხიდი აშენდება არსებული ხიდის პარალელურად და მისი ღირებულება დაზუსტდება საბოლოო დოკუმენტაციის შესაბამისად“,- განუცხადეს bpn.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ხიდის შეკეთებამ საცობების კუთხით პრობლემები წელსაც შექმნა. აღნიშნულის გამო დასავლეთიდან მომავალ ავტომობილებს რამდენიმე საათიან საცობში უწევთ დგომა.