„დაემატება საავტომობილო ზოლები“ - რა საგზაო ცვლილებებს გეგმავს მერია მტკვრის სანაპიროებზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში, მტკვირს სანაპიროს ტერიტორიაზე დაგეგმილ გარკვეულ საგზაო ცვლილებებზე ისაუბრა.

კერძოდ, მისი ცნობით, რიგ ტერიტორიაზე დაემატება საავტომობილო ზოლები, ასევე დაგეგმილია საქვეითო კავშირის მოწყობა.

„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, უახლოეს მომავალში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს, რაც ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში, გზაჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად, დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნით დარეგულირდება.

გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითების ნაკადების ეფექტურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

თაია არდოტელი