ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო რეისებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის უფროსმა, აზერ ფარაჯევმა განცხადა, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.
“ინფორმაცია რეისების გახსნის შესახებ არ გვაქვს. ქართულმა მხარემ ამის შესახებ განცხადება გააკეთა და ამასთან დაკავშირებით ცნობებს ჩვენც ველოდებით,“ - აცხადებს ფარაჯევი.
Trend იხსენებს, რომ თბილისი-ბაქოს მიმართულებით სარკინიგზო რეისების განახლებაზე განცხადება დუბაიში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, საქართველო ამ საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ასევე, თებერვლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შესაძლოა, აპრილიდან აღდგეს. წყაროს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის უკვე მიღწეულია.
მეტიც, მგზავრთა გადასაყვანად შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მატარებლები სახელდებოდა.
მაშინ 1news.az-ს აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ “საკარანტინო რეჟიმის გამო ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია და სახმელეთო გზით საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანები შეჩერებულია, რა მიზეზითაც რკინიგზით საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანა არ ხორციელდება.“
თუმცა უწყებამ იქვე დაამატა, რომ მთავრობებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აზერბაიჯანის რკინიგზა მზად არის, მგზავრთა გადაყვანის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს.
რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა მხარემ და როდიდან შეიძლება აღდგეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, „ბიზნესპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას „საქართველოს რკინიგზაში“ ცდილობს და მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ