საქართველო რუსების ემიგრაციისთვის წელსაც ყველაზე პოპულარული ქვეყანაა - რუსული Emigrare-ს კვლევა

რუსების ემიგრაციისთვის საქართველო წელსაც ყველაზე მოსახერხებელი ქვეყანაა. ამის შესახებ მიგრაციულ სამართალზე სპეციალიზებული რუსული კომპანია Emigrare.md-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ ოკინჩუკი RBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

კერძოდ, რუსი ექსპერტი თანამოქალაქეებს რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველო 1-წლიანი უვიზო რეჟიმით, რბილი კლიმატითა და შედარებით დაბალი ფასებით ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ ვარიანტად რჩება.

“ქვეყანაში დაბეგვრა ხელსაყრელია: ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წელიწადში 155 000 დოლარამდე შემოსავალზე მხოლოდ 1%-იანი საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. ასევე, ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეგიძლიათ, გახსნათ ბიზნესი, იპოვოთ სამუშაო ან 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინოთ,” - წერს ოკინჩუკი.

საქართველოს შემდეგ რუსების ემიგრაციისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნებია:

  • თურქეთი
  • არაბეთის გაერთიანებულ საემიროები
  • კვიპროსი
  • ყაზახეთი

აქედან, რუსი ექსპერტის შეფასებით, უძრავი ქონების გაქირავება-შეძენის ღირებულებით, იპოთეკური პროგრამების ხელმისაწვდომობითა და კომუნალური გადასახადების დონით ყველაზე მიმზიდველი თურქეთი და საქართველოა, სადაც რუსი ემიგრანტისთვის, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საცხოვრებელი უფრო ხელმისაწვდომია.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საგადასახადო ტვირთი მინიმალურია, ასევე, ამ ქვეყანაში, ისრაელთან ერთად, მაღალი ხელფასებია, თუმცა შრომის ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ამასთან, საემიროები ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება.

საქართველო, ასევე, რუსებისთვის ევროპის ქვეყნებიდან სერბეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც უვიზოდ შესვლის საუკეთესო პირობებია. კერძოდ, საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლამდე ვადით არის ნებადართული, რაც, ოკინჩუკის შეფასებით, ინდივიდუალური საწარმოს გახსნის, სამუშაოს ან ინვესტიციის გზით “საკუთარი თავის ლეგალიზების საშუალებას” იძლევა.

“რუსებისთვის, რომლებიც აპირებენ ემიგრაციას, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ქვეყანაში უვიზოდ შესვლის შესაძლებლობა. ეს საშუალებას გაძლევთ, საცხოვრებლად ოპერატიულად გადახვიდეთ, ადგილზე შეაფასოთ საცხოვრებელი პირობები და საჭიროების შემთხვევაში წარადგინოთ დოკუმენტები დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლების მისაღებად… ამ ქვეყნებში უვიზოდ შესვლის შემდეგ შეგიძლიათ, გააგრძელოთ თქვენი ლეგალური ყოფნა, ჯერ ბინადრობის ნებართვა, შემდეგ კი მოქალაქეობა მიიღოთ. შესაბამისი ქვეყნის არჩევა დამოკიდებულია გადაადგილების მიზანზე, ფინანსურ შესაძლებლობებსა და საიმიგრაციო მოთხოვნებზე,” - წერს რუსი ექსპერტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ