საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60.5%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში საქართველოდან 16.629 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 42.146 მლნ აშშ დოლარის.
ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე ნუგზარ კევლიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის გაჩერებაა, რომელზეც მთლიან ექსპორტის 80% მოდის.
თუმცა, როგორც ნუგზარ კევლიშვილი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ ქარხანამ წარმოება უკვე დაიწყო, მომდევნო თვეებში ექსპორტის ზრდას უნდა ველოდოთ.
„ამის მიზეზი 3 წლის წინ დაწყებული კრიზისი (გლობალურ ბაზარზე ბოლო წლების სილიკომანგანუმის ფასები მკვეთრად ეცემა), რომელიც გრძელდება. ამას ემატება იცის, რომ „ჯორჯაინ მანგანეზმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა გააჩერა, ამან საქართველოდან ექსპორტს ძალიან დიდი დაღი დაასვა. იმიტომ, რომ მასზე მოდის ქართული ფეროშენადნობების 80% . როგორც იცით, „ჯორგიან მანგანეზს“ ზესტაფონის ქარხანა რამდენიმე თვე ჰქონდა გაჩერებულ. შესაბამისად, ექსპორტი დიდი რაოდენობით ვერ განხორციელდებოდა.
საბედნიეროდ, წარმოება განახლდა, რაც მომდევო თვეებში დადებითად აისახება ექსპორტზე. ერთი ღუმელი ჩაირთო 1-ლი მარტიდან და ეტაპობრივად გაზრდიან მოცულობებს. ამ ეტაპზე, ქარხანა 50-60%-ანი დატვირთვით მუშაობს. თუ ფასები კიდევ გაიზარდა, გაზრდიან წარმოებასაც. შედეგად, ველოდებით, რომ მომდევნო თვეებში ექსპორტი უნდა გაიზარდოს.
რაც შეეხება ჭიათურაში მოპოვებას, კომპანიამ ჩამოიყვანა ექსპერტი და იმანაც დაადასტურა, რომ ამ პერიოდისთვის მოპოვება არ არის მომგებიანი. ფეროშენადნობებზე ფასის ვარდნამ გამოიწვია მადნის ფასის ვარდნაც. შესაბამისად, როგორც კი გაიზრდება ფასი, ალბათ, ჭიათურაც განაახლებს მუშაობას. ამ ეტაპზე მოპოვება არ ხდება, არ უღირს კომპანიას“,- განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობმა ქარხანამ წარმოება 2024 წლის 1-ლი ნოემბრიდან შეაჩერა და მთლიანად მართვის რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულის მიზეზად „ჯეორჯიან მანგანეზმა“ დაასახელა გლობალურ ბაზარზე ფასების დაცემა და მადნის დეფიციტი, რომელიც ჭიათურის მაღაროდან, მიმდინარე პროტესტის გამო, ვეღარ მოიპოვეს.
რაც შეეხება ჭიათურის მაღაროს, თანამშრომლები მარტიდან წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.