თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა. დღეს დილის საათებში ლირა 38,6671-დან 41,0653-იან ნიშნულამდე გაუფასურდა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
აქციების გაყიდვის შედეგად თურქული ვალუტის მკვეთრმა ვარდნამ ვაჭრობის შეჩერება გამოიწვია. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ მიმდინარე წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერ ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური რისკები გაიზარდა და ინვესტორებმა ქვეყნის აქტივები ჩამოიშორეს.
იმამოღლუს დაკავების შემდეგ ვაჭრობის დაწყებისას თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 13%-ით, ხოლო ქვეყნის საბაზისო ინდექსი, Bist 100, თითქმის, 7%-ით დაეცა. ასევე, დაეცა სუვერენული 10-წლიანი ობლიგაციები, რის შედეგადაც შემოსავლიანობა 175 საბაზისო პუნქტით, 29,94%-მდე გაიზარდა.
Bloomberg-ის შეფასებით, პოლიტიკური მოვლენები, როგორც წესი, თურქულ აქციებზე ზეწოლას ახდენს, რადგან ქვეყნის საფონდო ბირჟაზე, ძირითადად, ადგილობრივი ინვესტორები დომინირებენ, რომლებიც არასტაბილურობის პერიოდში მეტად აქტიურად რეაგირებენ. ქვეყნის ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის ვებგვერდის მონაცემებით, ადგილობრივი ინვესტორები თურქული აქციების, დაახლოებით, 62,5%-ს ფლობენ.
პოლიტიკური მოვლენები გლობალურ ინვესტორებს შორის თურქეთის აქტივებზე პოზიტიურ განწყობას ახშობს. ეს იმ ფონზე, როცა ინვესტორები ფსონებს იმაზე დებენ, რომ თურქეთი სავაჭრო ომით გამოწვეული არასტაბილურობით ნაკლებად დაზარალდება.
ამასთან, თებერვალში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლებმა, საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოების იმედებმა ხელი შეუწყო თურქეთის აქციებს, მარტის დასაწყისში Bull Market-ზე, ანუ ფასების ზრდის ბაზარზე გასულიყო, ხოლო ლირით carry trade კვლავ მიმზიდველად ითვლებოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ