„ქვეყანაში ოჯახის ექიმის დეფიციტია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ლელოს“ წევრმა და ჯანდაცვის დარგის სპეციალისტმა ვატო სურგულაძემ განუცხადა.
ოჯახის ექიმების სიმცირე განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონებისთვის. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტიც. კერძოდ, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 45 ტერიტორიულ ერთეულზე ერთ ექიმზე 2000-ზე მეტი მოსახლე მოდის.
„ზოგადად თუ პირველადი ჯანდაცვის, ოჯახის ექიმებისა და ექთნების სისტემა არ გაქვს აწყობილი, ვერც ერთ რეფორმას ვერ გაატარებ. ჩვენ არ გვაქვს ეს სისტემა, მთლიანად დაიშალა და ამ სისტემის არქონამ გამოიწვია ის, რომ კორონავირუსის დროს 17 ათასზე მეტი ადამიანი გარდაგვეცვალა, რაც საქართველოსთვის კატასტროფული რიცხვია.
ქვეყანაში ოჯახის ექიმის დეფიციტია, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი, ანაზღაურება არის კატასტროფულად დაბალი. მეორე, დავუშვათ ექიმი ცხოვრობს ბორჯომში და არის რამდენიმე სოფლის ექიმი, ავტობუსი გადის 11:00 საათზე, ერთი საათი გზაშია და პირველ საათზე უკან ბრუნდება; როგორ გგონიათ, დადის ეს ექიმი იქ? არ დადის! პაციენტს თუ რამე სჭირდება ან სატელეფონოთი ურეკავს ან პაციენტი ჩამოდის მუნიციპალურ ცენტრში.
2000 პაციენტი რომ გყავს უბანზე, გადაადგილების საშუალებაც რომ არ გაქვს, ტრანსპორტის თანხები რომ არ გაქვს, ხომ გესმით რომ ეს სრულად შეუსაბამობაა იმიტომ იზრდება ქრონიკული დაავადებების სიხშირე, აღარაფერს ვამბობ ვაქცინაციაზე“, - აცხადებს რესპონდენტი.
როგორც სურგულაძემ აღნიშნა, საქართველოში 27 ათასი ექიმია, თუმცა ქვეყნის მასშტაბით არის სოფლები, რომელსაც ექიმი არ ჰყავს.
„პირველადი ჯანდაცვა არის საფუძველი ყველაფრის, ოჯახის ექიმი იმიტომ ჰქვია, რომ ოჯახის წევრივით უნდა იყოს, უნდა იცოდეს ყველაფერი, უნდა ატარებდეს პრევენციულ ღონისძიებებს თუ რამე დაავადება აქვს პაციენტს. პირველადი ჯანდაცვიდან იწყება ყველაფერი და ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვაქვს ეს. საქართველოში 27 ათასი ექიმია, ევროპაში 1 სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობაა, მაგრამ გვაქვს რეგიონები და სოფლები, სადაც ექიმი საერთოდ არ არის - ამას [პრობლემის გადაჭრას] უნდა პოლიტიკური ნება. იქნება პოლიტიკური ნება? მაშინ ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა ვატო სურგულაძე.
იხილეთ ასევე: 783 ტერიტორიული ერთეულიდან 45-ში ერთ ექიმზე 2000-ზე მეტი მოსახლე მოდის - აუდიტი