2024 წელს დედაქალაქში მანქანიდან ნარჩენის გადაყრისთვის მხოლოდ 3 ადამიანი დაჯარიმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
მონაცემების თანახმად, გასულ წელს „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს შესაბამისად ჯამში 569 ადამიანია დაჯარიმებული, რომელთაგან 26 უცხოელია.
ჯამურად კი, ქუჩის დანაგვიანებისთვის გამოწერილია 2.1 მლნ ლარის ჯარიმა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ აღნიშნული სამსახურის მიერ, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს შესაბამისად, 2024 წელს შედგა 569 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 2 139 000 ლარს. აქედან, დაჯარიმებულთა შორის არის 26 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მანქანიდან გადაყრილ ნარჩენებთან დაკავშირებით კი დაჯარიმდა 3 სუბიექტი“,- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენების გადაგდებაზე დაჯარიმების ახალი სისტემა თბილისში 2018 წლის 3 აპრილიდან ამოქმედდა, თავდაპირველად ინსპექტორები სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, იმავე წლის 20 აპრილიდან კი მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს. ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 80 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს. აღნიშული განისაზღვრება დანაგვიანებული ტერიტორიის ფართობის, ნარჩენის ტიპის მიხედვით. ასევე, განსხვავებულია ჯარიმა იურიდიულ და ფიზიკური პირებზე.