ბოლო ათწლეულის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი დონე ბოლო 800 000 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში წერია, რასაც Associated Press ავრცელებს.
ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, პლანეტაზე დათბობა სულ უფრო ძლიერდება, რისი ნიშნებიცაა ოკეანის ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდა, ზღვის დონის მატება და მყინვარების რეკორდული ტემპით დნობა.
„ჩვენი პლანეტა უბედურების სიგნალებს სულ უფრო ხშირად აგზავნის,“ - ციტირებს ანგარიში გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს.
ორგანიზაციის ცნობით, კლიმატის ცვლილება მეტწილად ადამიანის აქტივობით, კერძოდ, ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის გადამუშავებით არის განპირობებული. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 2024 წელი დაკვირვებების მთელ 175-წლიან ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იყო.
მოხსენებაში წერია, რომ გლობალური დათბობის გამო ამინდის ექსტრემალური მოვლენები გახშირდა, რამაც ბოლო 16 წლის განმავლობაში მოსახლეობის გადაადგილების ყველაზე მაღალი დონე გამოიწვია. უამინდობამ, ასევე, სასურსათო კრიზისისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას შეუწყო ხელი.
გაერო წერს, რომ საერთაშორისო მიზანია დათბობის შეზღუდვა პრეინდუსტრიულ (1850-1900 წწ) 1,5 გრადუს ცელსიუსის მაჩვენებლამდე, რომ მას არ აღემატებოდეს.
2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1,55 გრადუს ცელსიუს გადააჭარბა.
თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ამ გლობალური მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, რისთვისაც ქვეყნების ლიდერებმა ერთმანეთისკენ ნაბიჯი უნდა გადადგან და თავიანთ ტერიტორიებზე განახლებადი ენერგიის წყაროების გამოსაყენებლად ერთობლივად იმუშაონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ