სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება - როგორი იქნება ახალი ესტაკადა (+ფოტო)

თბილისში, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მოეწყობა. დედაქალაქის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტის შედგენისთვის შესყიდვა 19 მარტს გამოაცხადა (ბაზრის კვლევა). პრეტენდენტებმა კი 24 მარტამდე უნდა წარადგინონ წინადადება.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ორზოლიანი ხიდი სადგურის მოედანს დადიანის გამზირთან დააკავშირებს. ჯამში 280 მეტრი სიგრძის მქონე ხიდი იქნება სპირალისებური, დაიწყება დადიანის გამზირიდან და დაეშვება სადგურის მოედანზე.

xidi5-1742462153.jpg

„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7-მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.

xidi4-1742462126.jpg

საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

xidi3-1742462126.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ: „პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ“.

xidi1-1742462109.jpg

ცნობისთვის, აღნიშნული კვანძის პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. პროექტში წარმოდგენილია მაგალითები იმისა, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვა ქალაქებში რკინიგზაზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდები:

xidi6-1742462154.jpg

xidi7-1742462154.jpg

xidi8-1742462155.jpg

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული იდეა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში თბილისის მერმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გააჟღერა. მაშინ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელ ხიდის პროექტირებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

მერი ტაბატაძე