„წარმოების პროცესში უფრო მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური ტექნოლოგის დასაქმებას ვისურვებდი“ – „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ნანო გოგბერაშვილი აგრარული უნივერსიტეტიდან

„ნიკორა ჯგუფი“ სტუდენტების მხარდაჭერას და სწავლის პროცესში მათ მოტივაციაზე ზრუნავს აგრძელებს. კომპანიის სახელობითი სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის წარმატებულ სტუდენტებს სემესტრულად გადაეცემა.

19 წლის ნანო გოგბერაშვილი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატები მიმდინარე სემესტრში გახდნენ. ჩვენთან საუბარში ნანო განმარტავს, რომ, მისი აზრით, კვების ტექნოლოგები დღეს სათანადოდ დაფასებულები არ არიან და წარმოების პროცესში უფრო მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური ტექნოლოგის ჩართვა სფეროს განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

ნანო, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ გადაწყვიტეთ კვების ტექნოლოგიების შესწავლა?

აგრარულ უნივერსიტეტში კვების ტექნოლოგიების მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ამ პროფესიის შესახებ ჩემი დეიდაშვილისგან გავიგე და დეტალურად დავინტერესდი. მანამდე არ ვიცოდი, რომ კვების ტექნოლოგიების მეცნიერული კუთხით დანახვა შესაძლებელი იყო. სკოლაში სწავლის პერიოდში ქიმია და ბიოლოგია ძალიან მიყვარდა. კულინარიაც მიყვარს და მივხვდი, რომ სწორედ კვების ტექნოლოგიები იყო ის, რისი სწავლაც მინდოდა.

ჩემი სპეციალობისგან რადიკალურად განსხვავდება ჩემი ჰობი. წერა მიყვარს. ბავშვობიდან თავისუფალ დროს ხშირად ვწერ. ეს აზრებისთვის თავის მოყრაში მეხმარება. ასევე მიყვარს წიგნებსა და პერსონაჟებზე ჩემი შთაბეჭდილებების დაწერა. ხშირად ვწერ წაკითხულ რომანებში გადმოცემული ამბების განვითარების ჩემეულ ვერსიებსაც.

რეალობაში როგორი აღმოჩნდა კვების ტექნოლოგიების პროგრამაზე სწავლა? მოლოდინი გაგიმართლდათ?

კვების ტექნოლოგიები იმაზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე სწავლის დაწყებამდე მეგონა. ჩემი მოლოდინი გადაჭარბებით გამართლდა. ეს ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო პროფესიაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას იძლევა. გასულ წელს გავიარე სურსათის მიკრობიოლოგია და მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ბაქტერიებთან მუშაობა. მიკრობიოლოგია და ლაბორატორიაში მუშაობა ჩემი საყვარელი მიმართულება გახდა. თუმცა, ასევე შევისწავლე სურსათის ინგრედიენტები და აღმოჩნდა, რომ ნუტრიციოლოგიაც ძალიან საინტერესოა. კულინარია ჯერ არ დამიწყია და ამასაც ველოდები. ალბათ, საბოლოოდ სურსათის მიკრობიოლოგიას გავყვები, თუმცა ყველა მიმართულება იმდენად საინტერესოა, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდება.

nikora2-1742469759.jpg

როგორია კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების ცხოვრება? რამდენად მოტივირებულები ხართ და ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

ამ მიმართულებაზე სულ ისეთი სტუდენტები ვართ, რომლებსაც ნამდვილად გვიყვარს ჩვენი მომავალი პროფესია და მთელი გულით ვართ სასწავლო პროცესში ჩართული. სულ ვცდილობთ, სასწავლო პროგრამის მიღმაც დავინტერესდეთ, რა ხდება ჩვენს სფეროში ახალი, დამატებითი ცოდნა მივიღოთ, ჩავერთოთ სხვადასხვა აქტივობაში.

ძალიან მეგობრული გარემოა და ერთმანეთთან საუბრითა და მსჯელობით ერთმანეთს ცოდნასაც ვუზიარებთ. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია კონკურენციაც. ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ვცდილობთ, მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. ამაში გვეხმარება „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიაც, რომლის შესახებაც გასულ წელს გავიგე მაღალი კურსელისგან და მაშინვე მიზნად დავისახე, რომ მეც გავმხდარიყავი სტიპენდიატი. უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელე სწავლა და მიზანს მივაღწიე კიდეც. ასეთი ტიპის მხარდაჭერა სტუდენტებს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი შრომა ფასდება. საბოლოოდ, პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გამოწვევების მიმართულებით კი გეტყვით, რომ ჩვენი მთავარი სირთულე დღეს დაბალი ცნობადობაა. საზოგადოება ბოლომდე ვერ აღიქვამს, რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიაა. რეალურად, სწორედ კვების ტექნოლოგზეა დამოკიდებული, რომ ქვეყანაში ხარისხიანი, ჯანსაღი და გემრიელი პროდუქციის წარმოება განვითარდეს.

nikora3-1742469814.jpg

თქვენ, როგორც კვების ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტი, როგორ აფასებთ საქართველოში კვების პროდუქტების წარმოებას?

დღეს საქართველოში ბევრი პროდუქტის არა წარმოება, არამედ უბრალოდ გადაფუთვა ხდება. ქვეყანაში პროდუქტების წარმოების მრავალფეროვნების მხრივ გარკვეული გამოწვევები გვაქვს. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დასახელების კვების პროდუქტი იწარმოებოდეს ქვეყანაში. ასევე, ვფიქრობ, რძის პროდუქტების წარმოებას აქვს განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. ქვეყანაში წარმოების დიდი პოტენციალია, უბრალოდ საჭიროა მაღალკვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ამ შესაძლებლობებს დაინახავენ და რეალობად აქცევენ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებამ ადგილობრივი წარმოება ქართული პროდუქტის შეძენით გააძლიეროს.

nikora4-1742469853.jpg

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 ან 20 წლის შემდეგ?

მინდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დავრჩე და ინტენსიურად ჩავერთო სფეროს განვითარების პროცესში.

პოტენციურად, მე თუ გავხდი დამსაქმებელი, მაქსიმალურად ვეცდები, სტუდენტებს მივაქციო ყურადღება, ისინი ჩავრთო წარმოების პროცესში. საქართველოში დღეს ახალგაზრდა კვალიფიციური ტექნოლოგები ძალიან გვჭირდება, რადგან ისინი სათანადო თეორიულ ცოდნას ფლობენ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი თეორიული ცოდნა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს კვების ტექნოლოგიებშია დასაქმებული. ეს სფერო ჩვენმა თაობამ უფრო სწრაფი ნაბიჯებით უნდა განავითაროს.

რას ურჩევთ იმ აბიტურიენტებს, ვინც ახლა ფიქრობს ან აპირებს კვების ტექნოლოგიებზე ჩაბარებას?

მათ ვეტყვი, რომ დიდი ყურადღება მიაქციონ მათემატიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას. უნივერსიტეტში სწავლის პროცესში მიხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ასევე მზად იყვნენ იმისთვის, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო მიმართულების შესწავლა მოუწევთ.

NS