„აუცილებელია, ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება“ - რა შეაჩერებს შრომით მიგრაციას

„აუცილებელია, ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება, ტრანსფორმაცია, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რომ ეს მიგრაციის სექტორი შემობრუნდეს უკან“,- ამის შესახებ "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოდან მიგრაციის შეჩერების ერთ-ერთი ამოსავალი, რეალური ხელფასების ზრდაა.

„რეალური ხელფასის ზრდა ერთ-ერთი გზა არის მისთვის, რომ არ გაუჩნდეს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების მიგრაციის სურვილი მოქალაქეს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ აბსოლუტური ხელფასი გაუთანაბრდეს იმ წამყვან ქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტად მიგრირებენ ჩვენი მოქალაქეები, სადაც ყველაზე მეტი შემოსავლებია, არამედ, ფარდობით ხელფასზეა. პირობითად, ჩვენთან 1500 ლარი შეიძლება ევროპის სივრცეში უდრიდეს 1000-1200 ევროს, იმიტომ, რომ სახლიდან შორს არის, სხვა დამატებითი, ალტერნატიული დანახარჯებია და ა.შ. სამწუხაროდ, ამ ფარდობითი ხელფასითაც ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით როგორც ევროპულ, ისე სხვა სივრცეებსაც. იგივე მეზობელ თურქეთს, საითაც სამუშაო მიგრაცია იყო და არის დღემდე.

ამიტომ, ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომ ხელფასების ზრდა ეკონომიკის გაჯანსაღების გაძლიერების ხარჯზე მოვახდინოთ [ემიგრაციის შემობრუნება]. მაგრამ ეკონომიკის გაჯანსაღება გადის კერძო საკუთრების სრულ ფორმირებაზე, რომელიც არის ერთ-ერთი, რის გამოც შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს შემოსავლები და ამის ფონზე, ეს ვექტორი არა ქვეყნიდან გარეთ, არამედ პირიქით, შემობრუნებისკენ წავიდეს.

ეკონომიკა ვერ ვითარდება სათანადოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფულზე ხელმისაწვდომობა არ არის სათანადოდ, ბიზნეს ინიციატივები ამიტომაც ვერ პროგრესირებს, თვითდასაქმებულების ნაწილი კი გვყავს, მაგრამ კერძო სექტორის ხელფასების წილი მაინცდამაინც დიდი არ არის, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, დასაქმებულების დიდი წილი მაინც მოდის სახელმწიფოზე. ანუ, ისევ ბიუჯეტზე ვართ დამოკიდებული, რომელიც პირდაპირპროპორციულად მიბმულია ეკონომიკაზე. ერთი მეორეზე არის გადაჯაჭვული, ამიტომ არის აუცილებელი, ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება, ტრანსფორმაცია, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რომ ეს მიგრაციის სექტორი შემობრუნდეს უკან. ამისთვის, აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება ფორმირდეს სრულად, მათ შორის, გადაიხედოს საგადასახადო პოლიტიკა“,- განაცხადა რამაზ გერლიანმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა კაცმა დატოვა.

ნინი ქეთელაური