რუსეთის ავიაციაში დარჩენილ, მინიმუმ, 200 დასავლურ თვითმფრინავს, რომლებიც სანქციების გამო ვეღარ რემონტდება და სათადარიგო ნაწილებით აღარ მარაგდება, 2030 წლისთვის ექსპლუატაციიდან ამოიღებენ.
ამის შესახებ რუსეთის სანქცირებული სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხის” განცხადებაში წერია, რასაც რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.
კორპორაციის ცნობით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დასავლური სამოქალაქო ლაინერების ფლოტის, თითქმის, 30% ფრენას შეწყვეტს. ეს ფლოტი, დაახლოებით, 700 Boeing-ისა და Airbus-ისგან შედგება, რომლებიც რუსეთში სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტის 90%-ს უზრუნველყოფენ.
სარემონტო პრობლემებისა და ორიგინალური ნაწილების შეძენის შეუძლებლობის გამო რუსულმა ავიაკომპანიებმა უკვე 58 თვითმფრინავი დაკარგეს. ეს ავიაშემთხვევების სერიის გამოც მოხდა, რამაც რუსეთი დასავლური სანქციების შემდეგ მოიცვა.
კერძოდ, გასული წლის 11 თვის განმავლობაში 208 ავიაინციდენტი დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე მეოთხედით მეტია. აქედან, თითქმის, ყოველი მეორე, ანუ 90 შემთხვევა ძრავის გაუმართაობასთან ან შასის დაზიანებასთან იყო დაკავშირებული.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჰაერში თვითმფრინავების გაფუჭებისა და საავარიო სიგნალის გაგზავნის, სულ მცირე, 10 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით რუსული ავიახაზების 11 თვითმფრინავს ძრავა გაუფუჭდა, მათ შორის, 8 Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავი, ხოლო 3 რუსული Superjets (SSJ-100) იყო.
როგორც წესი, თითოეულმა თვითმფრინავმა რეგულარული შემოწმება, ანუ ე.წ. C Check ყოველ 1,5-2 წელიწადში, ხოლო უფრო დეტალური დათვალიერება, ანუ D Check ყოველ 6-12 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს. თუმცა ეს პროცედურები მწარმოებლების უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, რომლებიც რუსულ კომპანიებთან აღარ თანამშრომლობენ.
ამდენად, რუსული ავიახაზების ფლოტის თვითმფრინავების უმეტესობისთვის 2025 წელი ლეგალური ფრენის ბოლო წელია. სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის პრობლემა Sukhoi Superjets-ებსაც შეეხო, რომლებშიც ყველა კრიტიკული კომპონენტი, კერძოდ, ძრავები, ავიონიკა, ელექტრომოწყობილობა, შასი და საწვავის სისტემები დასავლური წარმოებისაა. საერთო ჯამში, რუსულ ავიაკომპანიებს 150 ერთეული SSJ-100-თვითმფრინავი ჰყავს.
უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დასავლური ავიახაზების ჩასანაცვლებლად რუსეთის ხელისუფლებამ საავიაციო ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური პროგრამა გამოაცხადა. გეგმის მიხედვით, 2023 წელს რუსულ გადამზიდავებს იმპორტჩანაცვლებული ნაწილებით ორი ერთეული Sukhoi Superjets და სამი ერთეული Tu-214 თვითმფრინავი, ასევე, 2024 წელს პირველი ტიპის ოცი თვითმფრინავი, მეორე ტიპის შვიდი, ექვსი რეგიონული ლაინერი MC-21 და ორი Il-300 უნდა მიეღოთ. რეალურად ომის სამი წლის განმავლობაში საავიაციო ქარხნებმა მხოლოდ ხუთი თვითმფრინავი, კერძოდ, სამი Tu-214 და ორი Il-96-300 გამოუშვეს.
სექტორის ინსაიდერები აცხადებენ, რომ რუსული სამოქალაქო ავიაცია კრიტიკულ წერტილს უახლოვდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ