ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დარგში შექმნილი პრობლემების შესახებ საუბრობენ. სექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შეიცვალა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს სტუმრობენ. კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდი ალექსანდრე გიორგაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მოგზაურთა რაოდენობა, რომლებიც მეტწილად დაბალმხარჯველები არიან.
ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია ეკონომიკის ზრდაში. აქედან გამომდინარე, დარგში საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესები და შემცირებული შემოსავლები აისახება ეკონომიკაზეც. უფრო კონკრეტულად, ალექსანდრე გიორგაძე აღნიშნავს, რომ თუ ზაფხულის პერიოდისთვის სიტუაცია არ შეიცვალა, სექტორმა შესაძლოა, ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი ნახოს.
„ეკონომიკაზე იმოქმედებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესები, იმიტომ, რომ ზამთრის სეზონზე მივიღეთ იმაზე ნაკლები სტუმარი, ვიდრე შეგვეძლო, მით უმეტეს, რომ წელს ფანტასტიკური თოვლი გვქონდა, მაგრამ ვერ იქნა გამოყენებული ეს. გუდაურს ნაკლებად შეეხო, მაგრამ შეეხო მესტიას, გოდერძისა და სხვა სამთო კურორტებს. შემოსავალი შემცირდა, ზაფხულში თუ არაფერი შეიცვალა, ქვეყნის შემოსავლები შესაძლოა, მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს წარმოაჩინოს რიცხვებით, რომ ყველაფერი კარგად არის. არ ხდება სწორი კალკულაცია და ხარჯების ჩაშლა, ტურიზმის სტატისტიკა არის ზოგადი მაჩვენებლების ფრიალი, რომელსაც რეალობასთან არავითარი შეხება არ აქვს“, - აღნიშნავს გიდი.
გიორგაძე აღნიშნავს, რომ არსებული პროცესიდან გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იქნება, რაც „დრაკონული კანონების“ ინტენსიური მიღების პარალელურად ჯერ არ ჩანს.
„მოლოდინები ვერ შეიცვლება, სანამ ქვეყანაში არ მოხდება სიტუაციის დასტაბილურება და ვიდრე ქვეყანა არ დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც ვაშენებდით ბოლო 30 წელი. ავად თუ კარგად ყველა ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად მათი შეცდომებისა თუ სიკეთეებისა, ჩვენთვის გასაგები იყო ქვეყანა საით მოძრაობდა. ახლა ქვეყანა ექცევა იზოლაციაში და აქედან ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი, მცდელობა ხომ მაინც უნდა ჩანდეს მათი მხრიდან და დავინახოთ, რომ სურთ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ ეს არ ჩანს. პირიქით, კანონმდებლობა მკაცრდება ყოველ დღე, მეც დამაჯარიმეს 5 000 ლარით, წარმოიდგინეთ, რამდენი ჩემი კოლეგაა ასე. ამის შემდეგ ჩვენ უნდა ავდგეთ და სტუმრებს ვესაუბროთ, თუ რა კარგია ჩვენი ქვეყანა, რა ლამაზია და როგორი წარმატებულია? ამ დაძაბულობასა და ხალხის დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და უნდა გადადგას ნაბიჯი.
უნდა დაიწყოს პროცესები პრობლემების მოგვარებისთვის, ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება იღებს დრაკონულ კანონებს და თავისუფლების ინდექსი მცირდება, რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნების მოქალაქეების ნაწილი ამ ვითარებაში ჩამოვა მაინც იმიტომ რომ გვაქვს შესანიშნავი ბუნება, კულტურა და გასტრონომია, მაგრამ მათი რაოდენობა შემცირდება“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძე.