ამერიკულ დოლართან მიმართებით რუსული რუბლი მყარდება, თურქული ლირა კი უფასურდება. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქვეყნების საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ მათ ეროვნული ვალუტების მმდგომარეობას პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე.
ამასთან, სოსო არჩვაძის თქმით, ქართული პროდუქცია შესაძლოა, რუსეთში გაიაფდეს.
„ზოგადად მხოლოდ ეს ორი ქვეყანა არ არის ტურბულენტურ სიტუაციაში. რუსული ვალუტის გამყარება ამერიკულ დოლართან, გარკვეულწილად უკავშირდება დამატებითი ვალუტის შედინებას. კერძოდ, რუსეთმა გაზარდა თავისი ენერგომატარებლების ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც მიუხედავად სანქციებისა, შესაბამისად, ესეც ახდენს გავლენას რუსული ვალუტის გამყარებაზე.
რაც შეეხება ლირას, თურქეთში ეს ბოლო დღეების ტენდენცია არ არის, თუმცა გაუფასურება განსაკუთრებით დააჩქარა სტამბოლის მერის დაპატიმრებამ და მასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ ქვეყანაში.
საქართველოსთვის თურქეთიც და რუსეთიც მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ ქვეყნების ვალუტების ცვლილება ამერიკულ დოლართან, სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენი ექსპორტ-იმპორტის ბალანსებზე. ზოგადად, რუსეთის მიმართულებით ჩვენი ექსპორტი ბევრად მეტია, ვიდრე თურქეთის მიმართულებით და რუსული ვალუტის გამყარება ჩვენთვის მაინცდამაინც სახეირო არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ ამან შეიძლება რუსეთში ქართული პროდუქციის გაიაფება გამოიწვიოს.
მეორე მხრივ, თურქულ პროდუქციაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქართული შიდა სამომხმარებლო ბაზარი, დაწყებული კვების პროდუქტებით, დამთავრებული სამშენებლო მასალებით. ამიტომ ამ პროცესებთან ჩვენ გავლენის რეჟიმში ვართ. თუმცა, უნდა დაველოდოთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
რაც შეეხება იმპორტს, აქ ქართული ლარიც ახდენს გავლენას, რომელიც დოლართან მიმართებით რამდენადმე გამყარდა, ამით სავაჭრო ბალანსის მხრივ, რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდები. უფრო საყურადღებო იქნებოდა მსოფლიო ბაზრებზე იმ პროდუქციის ფასის ცვლილება, რომლის იმპორტიორიც ვართ რუსეთიდან“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე 1 აშშ დოლარი 84.9 რუბლი ღირს, ეს მაშინ როდესაც თებერვალში 110 რუბლადაც კი ივაჭრებოდა. რაც შეეხება თურქულ ვალუტას, 1 ამერიკული დოლარის შეძენა 38 ლირად არის შესაძლებელი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები სწორედ რუსეთი (67.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთია (40.5 მლნ. აშშ დოლარი).