„ახალი შოკი შრომის ბაზარზე: მრავალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს“

„მრავალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს,“ - ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

პუბლიკაციაში საუბარია, რომ საქართველო დაჩქარებული „ტვინების გადინების“ რისკის წინაშე დგას. ერთ-ერთ ფაქტორად კი რაც აიძულებს საქართველოს მაღალკვალიფიციურ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას, ნაშრომის ავტორებს დასახელებული აქვთ შრომის ბაზარზე „ახალი შოკის“ არსებობა.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი შოკი შრომის ბაზარზე: მრავალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს იმის ფონზე, რომ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტებში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა.

სამოქალაქო საზოგადოება: ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემოღების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები/არასამთავრობო ორგანიზაციები რთულ მდგომარეობაში არიან, ბევრმა ორგანიზაციამ შეამცირა ან შეაჩერა აქტივობები ახალი რეგულაციებისა და სახელმწიფო ჩარევის პროტესტის ნიშნად ან ადმინისტრაციული ზომების შიშით. ეს სექტორი თბილისსა და რეგიონებში ასაქმებდა ბევრ მაღალკვალიფიციურ ადამიანს, რომლებმაც ან უკვე დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები, ან დგანან სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშე;

საჯარო ინსტიტუტები: ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს ან არ გაუგრძელეს ხელშეკრულება საჯარო ინსტიტუტებში მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ მოვლენებმა, უცხოელი დონორების მხარდაჭერის (USAID და სხვ.) შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო გააუცხოვა ახალგაზრდა პროფესიონალები, აკადემიური სექტორი და მეწარმეები, რომლებიც საქართველოში საკუთარ მომავალსა და პერსპექტივებს ვეღარ ხედავენ;

დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები: USAID-ის „სამუშაოს შეჩერება" და მრავალი პროგრამის დახურვა ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ასობით მაღალკვალიფიციური პროფესიონალისა და ექსპერტისთვის, რომლებიც შრომის ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი შესაძლებლობების ძიებაში,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

თაია არდოტელი