“პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ავტოიმპორტის სფეროში არარეზიდენტი პირები აწარმოებენ ბიზნესს, ეს ეხება ყაზახებს და ყირგიზებს, რომლებიც დემპინგური ფასების გამოყენებით არაჯანსაღ კონკურენციას უწვენ ადგილობრივ დილერებს“,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, პრობლემა დაიწყო პანდემიის შემდეგ და აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლები, საქართველოში უკვე დაფუძნდნენ. როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, მათ ავტოსფეროში მომსახურების მთლიანი ჯაჭვი აითვისეს და მეტიც, რუსთავში უკვე საკუთარი ავტობაზრიბაც კი გახსნეს.
“პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ავტოიმპორტის სფეროში არარეზიდენტი პირები აწარმოებენ ბიზნესს, ეს ეხება ყაზახებს და ყირგიზებს, რომლებიც დემპინგური ფასების გამოყენებით არაჯანსაღ კონკურენციას უწვენ ადგილობრივ დილერებს. ეს პრობლემა დაიწყო პანდემიის დროს, როდესაც უშუალო მყიდველი ადგილზე ვერ ჩამოდიოდა, გაჩნდნენ ე.წ შუამავლები, რომლებიც ადგილზე დაფუძნდნენ და უკვე ცხოვრობენ კიდეც. შექმნეს თავისი კომპანიები, თუ ჯგუფები, რომელთა დამხმარებითაც მიდიოდა მყიდველთან ავტომობილი. რეექსპორტის ჯაჭვში, ლოჯისტიკურ კომპანიასა და მყიდველში, ამოვარდა ქართველი დილერი და ჩაჯდა ყირგიზი. ანუ თვითონ შემოჰყავთ. მეორე ვარიანტი ის არის, რომ ცდილობენ დაბალ ფასად იყიდონ და კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ დილერებს. ამის გამო კარგავენ შემოსავალს ადგილობრივი ავტოიმპორტიორები. არადა, მათ უკან დგანან ოჯახები და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული გაყიდული ავტომობილის უკან 10-15 დასაქმებული პირია. საუბარია, ავტოსერვისებზე, სამრეცხაოებზე, მეორადი ავტობილების ნაწილებზე და ა.შ.
მათ მარტო დილერის ფუნქცია არ შეითავსეს, უკვე ადგილზე აქვთ საკუთარი ტექნიკური მომსახურების ცენტრები, სადაც ავტომობილის გარემონტებაც ხდება. სულ რამდენიმე ხნის წინ, რუსთავის შესასვლელში ავტობაზრობაც გახსნეს. როგორც ვიცი, ყაზახები არიან.
ერთადერთი დარჩა ავტომობილების ლოჯისტიკური სეგმენტი და ჩვენი ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც აშშ-ში შექმნილი ყაზახური კომპანიები უკავშირდებოდნენ ჩვენს დილერებს აქ და გარკვეულ სერვისებს სთავაზობდნენ. ასე რომ, ამ ნაწილშიც რაღაც ფირმით შემოვიდნენ. ის რომ, დილერების ადგილი დაიკავეს, ეს უკვე თვალხილულია. ბაზრობაზე მყიდველი ფაქტობრივად, არ დადის, მაშინ, როდესაც რეექსპორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ავტომობილია გასული“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაც შედგა. როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ავტოიმპორტიორები დარგის ყველა სეგმენტის წარმომადგენელთან კონსულტაციებს გეგმავენ.
„სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებები. აქ ძალიან ბევრი სეგმენტია ჩართული. ახლა ჩვენი ამოცანაა ეს საკითხები გავიაროთ დარგის სხვა ნაწილთან. იმიტომ, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღებამ, მათთან კონსულტაციის გარეშე, შეიძლება სხვა დააზიანოს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავიაროთ ეს საკითხები და შემდეგ ისევ დავუბრუნდებით ფინანსთა სამინისტროს. აქვე, აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს, ბატონ ოთარ დანელიას და მის მოადგილეს, რომლებმაც ასევე გაიზიარეს ჩვენი პრობლემები ცდილობენ გვერდში დაგვიდგნენ“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.