„პასუხისმგებლობა ნებისმიერ სიტუაციაში მთავრობაზეა -   ველოდებით, იქნებ ვინმემ თქვას მაპატიეთო“ - კოტე გაბრიჩიძე

„სერბეთის პრეზიდენტმა თქვა - მაპატიეთო, ველოდებით იქნებ ჩვენთანაც ვინმემ გვითხრას მაპატიეთო, მაგრამ ჯერ-ჯერობით მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ დაფიქსირებულა,“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრაზე განაცხადა.

„მოუმზადებელი არ უნდა ვიყოთ იმიტომ რომ კრიზისი იქნება. ზამთარი რომ მოდის, ხომ უნდა მოემზადო წინასწარ?! ზაფხულში უნდა მოემზადო ზამთრისთვის. თოვლის საწმენდი მანქანა უნდა გყავდეს მომზადებული წინასწარ და ა.შ.

გავიარეთ მძიმე ზამთარი, ბევრი რესტორანი და სასტუმრო დაიხურა, რასაკვირველია, რაც არ უნდა იყოს პასუხისმგებლობა ნებისმიერ სიტუაციაში მთავრობაზეა. ბავშვი რომ ცეცხლს გააჩენს, ასანთი ვინ მისცა? - მშობელმა, აქაც იგივე პასუხისმგებლობაა.

სერბეთის პრეზიდენტმა თქვა - მაპატიეთო, ველოდებით იქნებ ჩვენთანაც ვინმემ გვითხრას მაპატიეთო, მაგრამ ჯერ-ჯერობით მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ დაფიქსირებულა. გამოვსწორდებითო მსგავსი რამ ითქვა და ველოდებით გამოსწორებას“, - განაცხადა გაბრიჩიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, თბილისში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, საბანკო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს.

მაგდა შენგელია