„ძალიან ბევრ სასტუმროს, იმისთვის რომ გადარჩეს, ფასები დაწეული აქვს ისტორიულ მინიმუმზე“ - გიდი

„ძალიან ბევრ სასტუმროს, იმისთვის რომ გადარჩეს, ფასები დაწეული აქვს ისტორიულ მინიმუმზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდმა ალექსანდრე გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, აზიიდან კი გაზრდილია. როგორც გიორგაძე აღნიშნავს, შემცირებულია ტურისტების მხარჯველობით უნარიანობა, რაც როგორც სასტუმროების, ასევე მძღოლი გიდების შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

„წინა პერიოდთან შედარებით, შეკვეთებში მატება არის, მაგრამ ეს უნდა შევადაროთ შარშანდელ ანალოგიურ მდგომარეობას - პირადად ჩემთან პოსტპანდემიურ წელზე უარესია მდგომარეობაა. დაგეგმვის კუთხით, პოსტპანდემიური წელი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ახლანდელი წელი.

ტურისტების მატება არის აზიის ქვეყნებიდან, მაგრამ მე აზიაზე ნაკლებად ვმუშაობ. მათ, ვინც მუშაობს ინდოეთზე, ტაილანდზე, ემირატებზე, ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებზე, რაოდენობრივად შესაძლოა, არ ჰქონდეთ დიდი ცვლილება, მაგრამ გაცილებით დაბალია ამ სეგმენტის მხარჯველობითუნარიანობა.

სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც კლებაა, რუსეთიდანაც შემცირებულია ტურისტების რაოდენობა. მთავარია ის, რომ რაოდენობრივად შესაძლოა დიდი კლება არ იყოს, მაგრამ ძალიან დაიწია ფასების სეგმენტმა. შეხვედრა გვქონდა სასტუმროებთან - ძალიან ბევრ სასტუმროს იმისთვის რომ გადარჩეს და იმუშაოს, ფასები დაწეული აქვს ისტორიულ მინიმუმზე. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს ყაზახეთიდან, შემიკვეთეს ტური, ფასი ვუთხარი და უარი მითხრეს. გარდა სასტუმროებისა, ძალიან ბევრი მძღოლი გიდი, იმისთვის რომ იმუშაოს, მაქსიმალურად ცდილობს რომ ფასები დაწიოს და რაღაც მაინც გამოიმუშაოს, თუმცა ყველა ამას ვერ იზამს“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.

მერი ტაბატაძე