2025 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული ნატურალური ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა 9 580 ტონა ქართული ღვინო, რომლის ღირებულებამაც 29.2 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2024 წელს, პირველ ორ თვეში ექსპორტირებული იყო 47.3 მლნ დოლარის ღირებულების 16 664 ტონა ღვინო.
ამასთანავე, მცირედით გაიზარდა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე. კერძოდ, 1 ლიტრის საშუალო ფასი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 3 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 2.83 დოლარს შეადგენდა.
ფასის ფორმირებაში ძირითადი წვლილი შეიტანა ყაზახეთში ღვინის ექსპორტის გაძვირებამ. კერძოდ, შარშან ყაზახეთში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.2 დოლარი იყო, წელს იმავე პერიოდში კი 3.57 დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღვინის ექსპორტის შემცირება გამოწვეული იყო რუსეთის ფაქტორით. კერძოდ, მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 59%-ით არის შემცირებული. წელს თუ 5 644 ტონა ღვინო გავიდა რუსეთში, შარშან საანგარიშო პერიოდში 13 206 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა (ჯამში 36 მლნ დოლარის). მოცულობის კლების პარალელურად, რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 79%-დან 59%-მდეა შემცირებული.