„სასიგნალო იარაღის“ შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის რეგულაციები მკაცრდება - რა ცვლილებები შედის კანონში

„ქართული ოცნება“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში გეგმავს ცვლილებების შეტანას, რომლის მიღების შემთხვევაში სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.

გარდა ამისა, კანონის პროექტის მიხედვით, ნებართვას დაექვემდებარება სასიგნალო იარაღთან და მისი ვაზნებთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:

  • ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით);
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა;
  • სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი;
  • უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება;
  • სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;
  • საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).
  • დოკუმენტის თანახმად, სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს გასცემს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო, ნებართვებს შსს-ს მომსახურების სააგენტო.

გარდა ამისა, სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მოპოვებისთვის დგინდება ასაკობრივი ცენზი და აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.

ინფორმაციისთვის, სასიგნალო იარაღი წარმოადგენს სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთ სახეს, რომელიც განკუთვნილია შუქხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად.

მერი ტაბატაძე