დღეს მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ არის მიმართული, რადგან ის თუ დაიდება, დღეს არსებული ვითარება შეიცვლება როგორც საომარი, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. პარალელურად, ტრამპის დაწყებულ სატარიფო ომს უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები, რაც უპირველესად ფასებზე აისახება. ამგვარი დაპირისპირება არღვევს ჩამოყალიბებულ მიწოდების ჯაჭვებს და რეალობას ცვლის. ეს ყველაფერი როგორ აისახება გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე და რა გავლენა ექნება საქართველოზე, ამ საკითხებზე გერმანიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტ უფროს მკვლევარს ელგუჯა ხოკრიშვილს ვესაუბრეთ.
- ამერიკის პოლიტიკის ყველაზე გამოკვეთილი მდგენელი, რომელმაც გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე და ზოგადად რეგიონზე - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საერთოდ, ყველანაირად - არის ის, რომ ევროპა იწყებს თავის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ცდილობს გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. ჩვენ ასეთ ტურბულენტურ საერთაშორისო გარემოში ორი-სამი წლის წინ გაგვიჩნდა უნიკალური შანსი, რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის სივრცის წევრი. სულ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი დაშვების დონეზეც კი არ განიხილავდა, რომ საქართველო შეიძლება მისი წევრი გამხდარიყო. იმ პერიოდში, როდესაც გაცხადდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ შეიტანეს განაცხადი, პირველი, რაც "ოცნებამ" გააკეთა, ის იყო, რომ განაცხადეს, ჯერ ადრეა და ჩვენ დავიცდითო. მერე გაიზარდა მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების წნეხი, რომ "ოცნებამ" წარადგინა განაცხადი. თუმცა ამის შემდეგ, თუკი მოლდოვის თანამდებობის პირველმა სამმა პირმა - პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შემოიარეს ევროპის დედაქალაქები, ლობირებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ შეიძლება ჩვენთან დემოკრატიაში ჩავარდნებია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ სტატუსი მოგვეცითო, ჩვენგან ისეთი რიტორიკა და ისეთი პოლიტიკური სვლები იყო, რომ აშკარად ჩანდა, არ უნდოდა "ოცნებას" ევროკავშირში და ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ თითქოს ჩვენ ვინმემ დაგვსაჯა. ახლა კი საერთოდ ნულოვან ნიშნულზეა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. დარჩენილია მხოლოდ რაღაც ტექნიკური თანამშრომლობა. იმავე გერმანიასთან ოფიციალურად სტრატეგიული ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მიახლოებული სტატუსი გვქონდა, დღეს კი ურთიერთობა საერთოდ არა გვაქვს. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს - ჩერდება 230 მილიონი ევროს ოდენობის პროექტები, რომლებსაც გერმანიის განვითარების ბანკი ახორციელებდა. აქ იყო ბათუმში წყალმომარაგების პროექტი, წყალბადისა და მწვანე ენერგიის პროექტები, ასევე მუნიციპალიტეტებში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები და ა.შ. - ანუ ამ ყველაფერზე უარი თქვეს. რაც უფრო იზოლაციონიზმში ვრჩებით, მით უფრო მოწყვლადი ვხდებით, ვიდრე მაშინ, რაღაც მინიმალური ნაბიჯები მაინც რომ გადაიდგას და გამყარდეს ურთიერთობა ევროკავშირთან.
ეკონომიკური თვალსაზრისით რა შედეგები ექნება ამ ყველაფერს, როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე?
- რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, დღეს ჩვენი ეკონომიკა რითაც ცოცხლობს, არის ე.წ. შავი ფული და შავი ხვრელებიდან გენერირებული ფული. იანვარში ოფიციალურად კი გამოგვიცხადეს დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მაგრამ აქ უმთავრესი საკითხი ის არის, რომ თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ დარჩა და მათ შორის, ეროვნული ბანკიც არის, რატომ გვგონია, რომ "საქსტატი" დამოუკიდებელი უწყებაა და მას არა აქვს მანიპულაციის შესაძლებლობები. თუ არის ეკონომიკის მართლა ამხელა პროცენტული ზრდა, სხვა მონაცემები რატომ არის ამასთან წინააღმდეგობაში? დასაქმებულთა რიცხვი შემცირდა, მილიონ 300 ათასი კაცი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმს მიღმაა და ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 35% და კიდევ უფრო მეტი ქვეყანას ტოვებს - ანუ ამას დიდ სურათში რომ შევხედოთ, თვალში საცემად გამომრიცხავი მონაცემებია. ქვეყანა თუ წინ მიდის და ყველაფერი ყვავის, მაშინ რატომ არის ამდენი გაჭირვებული და ამდენი ადამიანი უპერსპექტივობის გამო ქვეყანას რატომ ტოვებს?... გააგრძელეთ კითხვა