„საქართველოში შობადობის ჯამური კოეფიციენტი არის 1.8“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსსთან“ საუბარში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე და განმარტავს, თუ რატომ შეიძლება ეს მონაცემი პრობლემური იყოს დემოგრაფიული მდგრადობისთვის.
„იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის არსებული რაოდენობა შენარჩუნდეს, ნომინალური კოეფიციენტი უნდა იყოს 2.1. საქართველო დღევანდელი მდგომარეობით არის ბუნებრივი აღწარმოების (ანუ თაობათა მუდმივი განახლების პროცესის) ქვედა ზღვარზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნება არსებული ტემპით რთული იქნება. შესაბამისად, პრობლემა ექმნება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობას და საერთო კეთილდღეობას,“ - განმარტავს ბანძელაძე.
შობადობის ჯამური კოეფიციენტი ითვლის რეპროდუქციული ასაკის ქალების მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რიცხოვნობას. საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.8 არის (ანუ ოჯახებს საშუალოდ 1.8 შვილი ჰყავთ), თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას მეტი შვილის ყოლის სურვილი აქვს.
„საქართველოში საშუალოდ დაახლოებით 2.6 შვილი უნდათ რომ ჰყავდეთ, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს უნდა, გაცილებით მეტი ბავშვი ჰყავდეს, ვიდრე ახლა ჰყავს (1.8), მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ამას სხვადასხვა განმაპირობებელი ფაქტორი აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. იმისთვის რომ ქალებმა და კაცებმა შეძლონ საკუთარი რეპროდუქციული განზრახვებისა და სურვილების მიღწევა, საჭიროა ამის განმაპირობებელი გარემოს არსებობა, როგორიცაა ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკის დანერგვა და ადამიანის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა. ქვეყნის დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მულტისექტორული მიდგომა, რათა ეფექტიანად ვუპასუხოთ დემოგრაფიულ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს შესაძლოა, გაკეთდეს ისეთი ინტერვენციებით, როგორიცაა გაფართოებული დეკრეტული შვებულება, მამობის შვებულება და ისეთი სერვისების შექმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება დედათა ჯანმრთელობის ზრუნვაზე. ამასთანავე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს შევქმნათ ხელშემწყობი გარემო, სადაც ქალი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, დასაქმებას და სადაც ის რეპროდუქციული მიზნების მიღწევის გამო არ გამოეთიშება ეკონომიკურ საქმიანობას,” - ამბობს მარიამ ბანძელაძე.
გასათვალისწინებელია, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესის მხოლოდ ერთი კომპონენტია. დემოგრაფიული ცვლის ტენდენციებს ასევე განაპირობებს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია, სიკვდილიანობა, დაბერება და სხვა.
შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 1 047 700 ადამიანით შემცირდა. 1994 წელს მოსახლეობის რაოდენობა თუ 4.742 მილიონს აჭარბებდა, 2024 წელს რაოდენობა 3.694 მილიონზე მეტით არის შემცირებული. 30-წლიან მინიმუმზეა ახალშობილთა რიცხოვნობაც. ასე მაგალითად, თუ 1994 წელს წელიწადში ქვეყანაში 57 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, 2024 წლისთვის ახალშობილთა რიცხოვნობა 40 ათასამდეა შემცირებული.