დიდი დიღომი-დიდუბეს 7.5 კმ-იანი ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება - სად გაივლის ახალი სატრანსპორტო ხაზი

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და სამშენებლო სამუშაოების Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს.

მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს ბოლო ათი წლის განმავლობაში არანაკლებ სამი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მშენებლობის პროექტი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.

ამასთანავე, პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2022-2024 წლებში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ზარალზე გასული, ხოლო წმინდა ქონება უნდა იყოს დადებითი.

შესყიდვის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 4.5 წელი იქნება. პრეტენდენტებმა წინადადება 2025 წლის 23 აპრილამდე უნდა წარადგინონ.

როგორი იქნება დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზი

ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

„ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.

ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კმ. იქნება, ტრამვაის შემადგენლობა - 10, ხოლო გაჩერებების რაოდენობა - 11. ამასთანავე, ირკვევა, რომ ტრამვაის ერთი ვაგონი არანაკლებ 300 მგზავრს გადაიყვანს.

„გაჩერებების რაოდენობა და ლოკაცია გაანგარიშებული უნდა იქნეს ოპტიმალურად შესაბამისი მგზავრთნაკადების კვლევის საფუძველზე. გაჩერებები უნდა უზრუნველყოფდეს მგზავრთა უსაფრთხო ჩასხდომა-გადმოსხდომას და გადაადგილებას თანამედროვე ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ხაზის მოწყობა უნდა განხორციელდეს ტრამვაის ტიპის ტექნოლოგიური თავისებურების და მოქმედი ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

tramvais-xazi-1742803066.jpg

მერი ტაბატაძე