„მაღალი ალბათობით, ბიზნესი უკვე გრძნობს, რომ ხელფასების ზრდა გაუჭირდება“

„წელს, ხელფასების ზრდის ტემპის კლების პარალელურად, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ 4%-მდე გაიზრდება, რაც მაღალი ალბათობით, ხელფასების ნომინალურ ზრდის დიდ წილს „შეჭამს“, - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიზნესიც უკვე გრძნობს, რომ არსებული ბიზნეს-კლიმატის პირობებში, არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხელფასების ზრდა გაუჭირდება.

„ხელფასების ზრდა ბოლო სამ წელიწადში შთამბეჭდავია; იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი იყო 1 464 ლარი თვეში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში 2 218 ლარი ხელფასის პირობებში, სამ წელიწადში ნომინალური ზრდა არის 51.6% პროცენტი;

ბოლო სამ წელიწადში ხელფასების ზრდის ტემპი არის სწრაფად კლებადი; მაშინ, როდესაც 2022-ის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით ზრდა იყო 21.1%, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალში - 15.3%, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი ჩამოვიდა 8.5%-მდე.

იმის გათვალისწინებით, რომ ზრდის ტემპის კლებაზე, არსებულ პოლიტიკური კრიზისს ჯერ არ მოუხდენია რეალური გავლენა, სავარაუდოდ, 2025 წლის განმავლობაში, ამ ეფექტის დამატებით, ნომინალური ხელფასის ზრდის თუნდაც წინა წლის ტემპის შენარჩუნება, არარეალური ჩანს;

სიტუაციას დასაქმებულებისთვის ართულებს ის გარემოება, რომ ბოლო სამ წელიწადში, ინფლაციაც დაბალი გვქონდა, ხოლო წელს, ხელფასების ზრდის ტემპის კლების პარალელურად, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ 4%-მდე გაიზრდება, რაც მაღალი ალბათობით, ხელფასების ნომინალურ ზრდის დიდ წილს „შეჭამს“.

მაღალი ალბათობით, ბიზნესიც უკვე გრძნობს, რომ არსებული ბიზნეს-კლიმატის პირობებში, არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხელფასების ზრდა გაუჭირდება და არ გამოვრიცხავ, არსებული ხელფასების ზომასაც უკვე არარეალურად მაღლად აფასებს.

ყველა, თუნდაც მცირე გამოხატულება უკმაყოფილების, რასაც უკვე ვხედავთ (სხვადასხვა ტიპის და ზომის გაფიცვები, კამპანიები სოციალურ ქსელებში უცხოელი დასაქმებულების წინააღმდეგ და ასე შემდეგ) და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, უფრო მეტი შეგვხვდება, არის გამოძახილი შრომის ბაზრის ამ გამოწვევაზე.

ცალკე დისკუსიის საგანია, რომ:

2200 ლარის ეს არის გროს-მონაცემი და დასაქმებულს ამ თანხიდან საშემოსავლო გადასახადი და ხშირად საპენსიო შენატანი ექვითება;

როცა 2200 ლარის ხელფასზე ვსაუბრობთ, მხოლოდ დაქირავებული დასაქმებულის საშუალო ხელფასზეა საუბარი და თუ ყველა დასაქმებულს და მათ საშუალო ხელფასს ავიღებთ, მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება;

2200 ლარი ან მეტი ხელფასი რეალურად დაქირავებით დასაქმებულების მხოლოდ 20%-ს აქვს;

დაქირავებით დასაქმებულების დაახლოებით 35%-ის ხელფასი ჯერ კიდევ 1200 ლარი ან ნაკლებია“, - წერს გიორგი ხიშტოვანი.

მერი ტაბატაძე