„წლოვანებით ძირითადად ახალი ავტომობილებია“ - რატომ იზრდება ჩინური მანქანების იმპორტი

საქართველოსთვის ჩინეთმა ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკვე მესამე ადგილზე გადაინაცვლა. საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 641 ერთეული (5.389 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 392 ცალი (5.402 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული მაჩვენებლით, გასულ წელს ჩინეთი საქართველოსთვის მანქანების მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში იყო.

კითხვაზე, რამ განაპირობა ინტერესისა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს ავტომობილების ასაკს და ასევე ელექტრომობილებისადმი მოთხოვნას უკავშირდება.

„ალბათ, პირველ რიგში, დაინტერესება იმან გამოიწვია, რომ წლოვანებით ძირითადად ახალი ავტომობილებია. მათ ჰყავთ ხარისხიანი მანქანებიც, ისევე როგორც ყველა მწარმოებელ ქვეყანას. მე ვფიქრობ, ამან განაპირობა ის, რომ მეტი ჩინური ავტომობილი შემოსულიყო ქვეყანაში. ასევე, ზრდა გამოიწვია იმანაც, რომ ელექტრომობილების მიმართ ინტერესი იზრდება. ამის ფონზე კი, ჩინური კონკრეტული ელექტრომობილებია, რომლებიც შედარებით მეტ კილომეტრებს გადიან“,- ამბობს ლაშა დარბაისელი.

მისი თქმით, ჩინეთიდან იმპორტირებული მანქანები ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის ჩამოდის. კითხვაზე, მზარდი სტატისტიკის ფონზე, ნიშნავს, თუ არა ეს რომ ჩინური ავტომობილების საქართველოში ფეხს იკიდებს, ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ სავარაუდოდ კი, თუმცა ამის მტკიცებით ფორმაში თქმას, დრო სჭირდება.

„ეს ავტომობილები ძირითადად ადგილობრივ ბაზრისთვის არის, რადგან გასვლით ვერსად გავა. შესაბამისად, ალბათ, იკიდებს ფეხს. თუმცა, მაინც დრო სჭირდება ბაზარზე რომ დამკვიდრდეს, ჯერ უნდა ვანახოთ როგორ განვითარდება სერვისები, ნაწილები ა.შ. ზოგიერთ ბრენდს წლები დასჭირდა თავის დასამკვიდრებლად. ჯერ უნდა მოერგოს ჩვენ გზებს, საწვავს, საპოხ მასალას და ა.შ“,- განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

კითხვაზე, რამდენად მიმზიდველია აღნიშნული ავტომობილები ქართველი დილერებისთვის, დარბაისელი ამბობს, რომ ჩინელმა ავტომწარმოებლებმა ჯერ მათი დაინტერესება ვერ გამოიწვიეს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩინელ ავტომწარმოებლებთან, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი ავტოიმპორტიორები ვერ დააინტერესეს. როდესაც გინდა, პარტნიორი მოიძიო უცხო ქვეყანაში, ვფიქრობ, ცოტა განსხვავებული შეთავაზებებით უნდა მიხვიდე, მაგალითად, გარკვეული უპირატესობები. მითუმეტეს, როდესაც იმ ქვეყანაში გინდა თავის დამკვიდრება, სადაც ყველა წარმოების ავტომობილი და მრავალფეროვანი ავტოპარკია. მეტად ვეღარ დავწვრილმანდები, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უფრო საინტერესო პირობები უნდა შეეთავაზებინათ ქართველი ავტოდილერებისთვის“,- ამბობს ლაშა დარბაისელი.

ნინი ქეთელაური