ბიზნესის რეკეტის საქმე, რის გამოც ხაზარაძე-ჯაფარიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა 25 მარტს გაიმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

25 მარტის სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

16 წლის წინანდელი საქმის დეტალები:

კომპანია „მაგნატი 2006”-ის ერთ ერთ დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე 2009 წლის 13 აგვისტოს თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით. ბიზნესმენი 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

კომპანია „მაგნატი 2006” საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო. კომპანიას 43 ბენზოგასამართი სადგური, 4 ნავთობტერმინალი, 3 რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა და სხვა მოძრავი ქონება ჰქონდა. როგორც ცნობილია, ბიზნემსენმა მთელი ეს ქონება დაკარგა.

თავად ჯემალ ლეონიძის განცხადებით, 2008 წლის ბოლოდან დაიწყო მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა კომპანიიდან მისი ჩამოშორების მიზნით. როგორც პატიმრობაში მყოფი ლეონიძე საუბრობდა მის მიმართ წარმოებულ კამპანიაში, პროკურატურასა და საგადასახადო ორგანოებთან ერთად კომერციული ბანკებიც მონაწილეობდა.

როგორც წლების წინ ჯემალ ლეონიძე აცხადებდა, მას პირდაპირი დავა არ აქვს „გალფთან“, თუმცა, მისივე თქმით, „მაგნატის“ კუთვნილი ქონება „გალფის“ ხელში „თიბისი“ და „რესპუბლიკა ბანკის“ მეშვეობით აღმოჩნდა.

„მე ვედავები ამ ბანკებს, მათ დაისაკუთრეს ჩემი ქონება. შემდეგ კი „გალფმა“ იყიდა. „თიბისი“ ბანკიდან როგორ აღმოჩნდა „გალფის“ ხელში, ამას გამოძიება დაადგენს,“ - აცხადებდა ლეონიძე.

გთავაზობთ, ნაწყვეტს, 2013 წელს ჯემალ ლეონიძის მიერ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუდან:

„კომპანია "მაგნატი" კი ბაზარზე 1995 წელს გამოჩნდა. 1999 წლიდან მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდი. 2006 წლამდე "მაგნატს" ათიოდე ავტოგასამართი სადგური ჰქონდა. მოწილეებთან შევთანხმდი, ყველა გავისტუმრე და 2006 წლის მარტში კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გავხდი. ერთ წელიწადში, 2007 წლის მარტამდე კი მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთე ბიზნესში და ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა 33-მდე გავზარდე. 2008 წლის მარტში უკვე 47 ავტოგასამართი სადგური და ორი ნავთობბაზა მქონდა.

რა თქმა უნდა, ბიზნესი ბანკების თანადგომით გავაფართოვე, საერთო ჯამში, სესხის სახით 16 მილიონი აშშ დოლარი მქონდა აღებული. აქედან 8 მილიონი დოლარი - "თიბისის" იყო, 5 მილიონი - "ვითიბის" და 3 მილიონი დოლარი - "რესპუბლიკისა". კომპანია ვითარდებოდა, სესხებსაც ვუმკლავდებოდით და ყველა ვალდებულებას ვისტუმრებდით. 2008 წლის ომის შემდეგ, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, საფინანსო ინსტიტუტებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ბანკებმა კომპანიებისგან სესხების ნაწილობრივ დაბრუნება მოითხოვეს. საერთო ჯამში იძულებული გავხდით, მხოლოდ "თიბისი" ბანკისთვის დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი დაგვებრუნებინა და ფაქტობრივად, საბრუნავი თანხის გარეშე დავრჩით.

2008 წლის დეკემბერში "თიბისი" ბანკმა კომპანიის 25%-იან წილში შემოსვლა შემოგვთავაზა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით. ან რატომ უნდა ვყოფილიყავი წინააღმდეგი, როცა ამხელა ფინანსური ინსტიტუტი შემოდიოდა, საბრუნავ თანხასაც მოგვცემდა და რებრენდინგისთვისაც. მოლაპარაკება და წილების გადაფორმება 2009 წლის 12 აგვისტომდე გაგრძელდა. 2009 წლის 13 აგვისტოს ნავთობბაზის ნასყიდობის ხელშეკრულებას რომ მოვაწერე ხელი, იმავე საღამოს დამაკავეს. შემდეგ მე გალიაში მოვხვდი, ჩემი ქონება კი - „გალფის" საკუთრებაში.

- ბანკი ხომ წილის 25%-ში შეიყვანეთ და მთელი ქონება როგორ გასხვისდა?

- ჩემი კომპანიის მართვა გადაცემული მქონდა "თიბისის" მენეჯმენტისთვის. წილში მისი შემოსვლის შემდეგ ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ "მაგნატის" სამართალმემკვიდრე, კომპანია "ნსკ" (ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია), სადაც დირექტორი მე და ბანკმა ერთად დავნიშნეთ. ამ კომპანიამ ვერ იმუშავა. ისეთი ვითარება შეუქმნეს, რომ ვერც შიგნით, ბაზარზე იღებდა საწვავს და ვერც იმპორტს ახორციელებდა. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ბანკისგან ეს ბიზნესი "გალფმა" შეიძინა.

2010 წლიდან მაქვს შეტანილი საჩივარი პროკურატურაში. გამოძიებამ დაადგინოს, რატომ გახდა „თიბისი" იძულებული, შეეწყვიტა საქმიანობა „ნსკ"-ში და გაეყიდა ქონება. რატომ გაასხვისა ქონება საბაზროზე უფრო დაბალ ფასად? როგორც ვიცი, „გალფმა" ბანკს 13 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა, მაშინ როცა „მაგნატის" ქონების საბაზრო ღირებულება, სულ მცირე, 30 მილიონი დოლარი იყო, ბიზნესთან ერთად კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი. მხოლოდ "მაგნატის" ქონება კი არ წაიღო "გალფმა", არამედ ბიზნესიც. ოპერატორები, მძღოლები, ბუღლატრებიც კი წაიყვანა. ავტომობილებსა და სხვა მოძრავ ქონებაზე აღარაფერს ვამბობ.