ისტორიაში პირველად - საქართველოს ერთდროულად ოთხი 10 მილიონზე მეტი ღირებულების ფეხბურთელი ჰყავს

სააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში ისტორიაში პირველად მოხდა, როცა საქართველოს 10 მლნ ევროს ღირებულების (იგულისხმება სატრანსფერო ფასი) ერთდროულად 3 ფეხბურთელი ჰყავდა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილს მაშინ გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. გუშინ გამოქვეყნებული ახალი ფასების მიხედვით კი, ამ სამეულს კიდევ ერთი 10-მილიონიანი მოთამაშე - ზურიკო დავითაშვილი დაემატა.

2024 წლის დეკემბერში, დავითაშვილი 8 მლნ ევრო ღირდა, საფრანგეთის ლიგა 1-ში შედეგიანმა თამაშმა კი მისი ფასი კიდევ 2 მლნ ევროთი გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილის გარდა, დეკემბრის შემდეგ შეიცვალა კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება. უფრო ზუსტად: ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მლნ ევროდან 80 მლნ ევრომდე შემცირდა; გიორგი მამრდაშვილის 40-დან 30 მილიონ ევრომდე, ხოლო გიორგი მიქაუტაძის ფასმა 2 მლნ ევროთი მოიმატა და 20 მილიონი ევრო გახდა.

შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს ერთდროულად 4 ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგან თითოეულის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო ან მეტია:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო.

ცნობისთვის, დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს - მათგან 2 გოლი და 3 ასისტი უშუალოდ დეკემბრიდან მოყოლებული.

თუ ზურიკო დავითაშვილის ფასი არ დააკლდება და, წესით, ასეც იქნება, არის შანსი, უახლოეს პერიოდში ეს ოთხეული ხუთეულად გადაიქცეს, რადგან იტალიური „ემპოლი“-ს მცველ საბა გოგლიჩიძეს Transfermarkt-ი ამჟამად 8 მლნ ევროდ აფასებს და თუკი წარმატებულ და სტაბილურ თამაშს გააგრძელებს, ეს მის ღირებულებაზეც აისახება.

დეკემბერთან შედარებით, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85-დან 80 მლნ ევრომდე შემცირდა, ყველაზე შესამჩნევი „რეგრესი“ გიორგი მამარდაშვილს ჰქონდა - 40-დან 30 მლნ-ამდე, ხოლო გიორგი მიქაუტაძის ფასი 2 მლნ-ით გაიზარდა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველების ათეულში ასევე არიან:

  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო ;
  • ირაკლი აზაროვი - 4.5 მლნ ევრო;
  • საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 4 მლნ ევრო.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ