„საქართველო იაფფასიან ტურისტთა ადგილად გადაიქცა - ქვეყანაში შემოსულთა 80%-მდე ასეთია“

„საქართველო იაფფასიანი და ერთ-ერთი ყველაზე დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტების მიღების ადგილად გადაიქცა,“ – ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსულთა 75-80% სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

„დამოუკიდებლობის შემდეგ, სასტუმროებში დღეს არსებული ფასები ისტორიულ მინიმუმზეა. სასტუმროები არათუ საკუთარ ხარჯებს ვერ ფარავენ, არამედ დამფუძნებლებს უწევთ იმაზე ზრუნვა, რომ ხარჯები რამენაირად შეამცირონ, რათა მათ მიერ სხვა ბიზნესებიდან შედარებით ნაკლები თანხების გადმოტანა დასჭირდეთ აქეთ.

როდესაც ბიზნესს სხვა გამოსავალი არ აქვს - სასტუმროები/რესტორნები ცარიელია, ონლაინ-პლატფორმებზე ფასების დემპინგი მიდის. დემპინგის ფონზე, დაბალი ფასები იწვევს იმას, რომ ვიღებთ ისეთ ტურისტებს, რომელთა სამოგზაურო კულტურა, მოთხოვნილებები და ინტერესები საშუალო თანამედროვე სტანდარტებზე დაბლაა. ჩვენი სასტუმროები კი ახლა მუშაობენ იმაზე, რომ ასეთი კატეგორიის სტუმრები მაინც მოიზიდონ.

ამ ეტაპზე, საქართველო იაფფასიანი და ერთ-ერთი ყველაზე დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტების მიღების ადგილად გადაიქცა - შემოსულთა 75-80% ასეთია,“ - აღნიშნა საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ