თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა აღრიცხვა ელექტრონულად, ბარათებით განხორციელდება

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმის დანერგვა იგეგმება.

ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, მშობლები დაწესებულებაში შესვლისთანავე ბარათის საშუალებით დააფიქსირებენ ბავშვის მისვლას. გარდა ამისა, მოხდება თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვაც.

დაშვების ელექტრონული სისტემის შესყიდვის მიზნით თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 10 აპრილს იწყება და 15 აპრილს სრულდება.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის თითოეულ სერვერზე შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ 300 მოწყობილობის დაერთება.

გარდა ამისა, პროგრამას უნდა შეეძლოს რეალურ დროში იმ ბავშვთა საერთო რაოდენობის აღრიცხვა, რომლებიც ბაღში იმყოფებიან, ასევე ვინც დააგვიანა ან გააცდინა. ამასთანავე, პროგრამით შესაძლებელი უნდა იყოს ჯგუფებისა და ბაღების მიერ გაფილტვრა.

„შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მონტაჟი/ინსტალაცია უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 01 დეკემბრისა“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ „პალიტრავიდეოს“ განუცხადა, რომ ახალი სისტემის დანერგვის ვადები ჯერჯერობით უცნობია.

„ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც,“ - განუცხადეს „პალიტრავიდეოს“ სააგენტოში.

მერი ტაბატაძე