ნავთობის გლობალურ ბაზარზე შესაძლოა, დაბალი ფასების ხანგრძლივი პერიოდი დადგეს, როგორც ეს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოხდა.
ეს გამაფრთხილებელი მესიჯი რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოველწლიურ დახურულ ანგარიშში წერია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის რისკებს შეეხება.
დოკუმენტი Reuters-მა მოიპოვა.
დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტს თებერვალში გადაეცა, რომელშიც ცენტრალური ბანკი წერს, რომ OPEC-ის ქვეყნებმა და აშშ-მა შესაძლოა, ნავთობის გლობალური ფასები ჩამოშალონ, თუ წარმოების მკვეთრ გაზრდას გადაწყვეტენ.
ცენტრალური ბანკი მთავრობას შეახსენებს, რომ დღეისთვის OPEC-ის ქვეყნების თავისუფალი სიმძლავრე მსოფლიო ბაზარზე არსებული რუსული ნავთობის სრული ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) თანახმად, OPEC-ის ქვეყნებს შეუძლიათ, წარმოება დღეში 5 მლნ ბარელით გაზარდონ, რაც რუსეთიდან ნავთობის მთელ ექსპორტს დაფარავს. მხოლოდ საუდის არაბეთს ისეთი უმოქმედო საბადოები და ჭაბურღილები აქვს, რომლებსაც დღეში 3 მლნ ბარელი ნავთობის ამოტუმბვა შეუძლიათ. ეს ის მოცულობაა, რაც რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ზღვით გააქვს.
ცენტრალური ბანკი იხსენებს, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე მოხდა, როცა 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან 1980-იანი წლების შუა პერიოდამდე საუდის არაბეთმა წარმოება შეამცირა, რომ ბარელზე ფასები მაშინდელ რეკორდულ დონეზე, 30 დოლარზე შეენარჩუნებინა. თუმცა 10 წელიწადში, ბაზრის წილის ორი-მესამედის დაკარგვის შემდეგ, 1985 წელს საუდის არაბეთმა „ონკანები გახსნა,“ წარმოება სამჯერ გაზარდა და ფასები 10-15 დოლარამდე დაწია. ამან დანგრეულ საბჭოთა ეკონომიკაში მწვავე სავალუტო კრიზისი შექმნა, რაც 6 წლის შემდეგ სსრკ-ის დე ფაქტო გაკოტრებითა და დაშლით დასრულდა.
Reuters ცენტრალური ბანკის ანგარიშიდან ციტირებს, რომ ნავთობის დაბალი ფასების პერიოდი, რომელიც 1980-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, 18 წელი გაგრძელდა. 1990-იანი წლების განმავლობაში ბარელი 10-20 დოლარად იყიდებოდა და ფასების მატება მხოლოდ 2000-იან წლებში დაიწყო, რამაც რუსეთის ეკონომიკას საშუალება მისცა, „ჭრილობები მოეშუშებინა“ და გამოჯანმრთელება დაეწყო.
მომდევნო სამ წელზე დაგეგმილ რუსეთის ბიუჯეტში მთავრობამ ნავთობის ფასი ბარელზე, დაახლოებით, 70 დოლარად დაადგინა. თუმცა ხაზინა ამ შემთხვევაშიც დეფიციტში რჩება, რადგან წელს შემოსავალი ხარჯზე 1.17 ტრლნ რუბლით (13.9 მლრდ დოლარით) ნაკლები, 2026 წელს 2.2 ტრილიონით (26.2 მლრდ დოლარით), ხოლო 2027 წელს 2.7 ტრლნ რუბლით (32.1 ტრლნ დოლარით) ნაკლები იქნება.
რუსული Urals-ის მარკის ნავთობი წლის პირველ თვეებში ბარელზე უკვე 60 დოლარზე დაბლა დაეცა, ხოლო ნავთობ-გაზის საბიუჯეტო შემოსავლების მოცულობა, თითქმის, 20%-ით შემცირდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გაფრთხილებას იძლევა, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასებით წლის ბოლოს ხაზინამ შესაძლოა, 2 ტრლნ რუბლი (23.8 მლრდ დოლარი) დაკარგოს.
დონალდ ტრამპმა ნავთობის მსოფლიო ფასების OPEC-ის ქვეყნების დახმარებით შემცირების გეგმა პრეზიდენტობის პირველივე დღეებში გაასაჯაროვა. თუმცა, OPEC+-ის კარტელმა, რომელშიც რუსეთიც შედის, ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაცხადა, რომ წარმოების შემცირებას თანდათან შეწყვეტს, რაც ამჟამად დღეში 5,8 მლნ ბარელს, ანუ გლობალური მოთხოვნის 5%-ზე მეტს შეადგენს. OPEC+-ის გეგმის მიხედვით, კარტელის ქვეყნები წარმოების გაზრდას აპრილში დაიწყებენ და 2026 წლის ბოლოსთვის ბაზარს 2,2 მლნ ბარელ ახალ დღიურ მარაგს დაამატებენ. მაგალითად, მაისში ჯგუფი დღიური მოპოვების 135 000 ბარელით გაზრდას გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ