„სამსახურის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, ვაკანსიები კი შემცირდა“ - რა მდგომარეობაა შრომით ბაზარზე

დასაქმების სააგენტო HR-ის ბაზაში ყოველდღიურად სამსახურის 80-მდე ახალი მაძიებელი რეგისტრირდება. როგორც სააგენტოს რეგიონული მენეჯერი ირგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაციების საშუალო მაჩვენებელი გაზრდილია.

ამის პარალელურად შემცირებულია ვაკანსიების რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, შახბაზიანი ამბობს, რომ გასული წლის თებერვალ-მარტში გაცილებით მეტი კომპანია ეძებდა კადრებს, ვიდრე წელს იმავე პერიოდში.

„სამსახურების მაძიებლებს რაც შეეხება, საიტს ყოველდღიურად ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. რაც შეეხება რეგისტრაციებს, ჯამში 170 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული HR-ის ბაზაში, მაგრამ ყოველდღიურ რეგისტრაციებს რაც შეეხება, 50-70 იყო და ახლა 70-80-ს შეადგენს. საშუალო მაჩვენებელი ახალი რეგისტრაციების არის გაზრდილი.

ვაკანსიები შემცირებულია - წინა წელს ამ პერიოდში ბევრად უფრო დიდი აქტიურობა იყო ამ კუთხით, ვიდრე წელს. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, კომპანიების უკუკავშირიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ უფრო მეტი CV შესდით, ვიდრე აქამდე შესდიოდათ. რეგისტრაციების კუთხითაც მცირედი მატება გვაქვს“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა და 14.2% შეადგინა. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, სამსახურის მაძიებელ უმუშევართა რიცხვი 8.2 ათასით, დასაქმებულთა რიცხვი კი 4.9 ათასით გაიზარდა.

მერი ტაბატაძე