„შევეშვათ შენ ამისიანი ხარ და იმისიანი ხარ, კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა დაისახოს,“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, სექტორში პრობლემებია და იმისთვის, რომ შედეგები მოულოდნელი არ აღმოჩნდეს, პრობლემიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობა ახლა უნდა დაიწყოს.
„რასაკვირველია, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება მაისში და ივნისში, მაგრამ სავარაუდოდ, როგორც ვითარდებოდა თებერვალ-მარტი, საკმაოდ მდარედ მიდის, სეზონის მოსვლას ველოდებით მაგრამ ნელა მიდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მოლოდინები, ბრუნვები არ იქნება ისეთი, როგორიც იყო შარშან. ამიტომ, შეიძლება მოვემზადოთ, შედარებით უფრო პესიმისტური სცენარისთვის. ამის გამო, მე რამდენჯერმე მთავრობისთვის მიმიმართავს კიდეც ტელევიზიიდან, რომ შევეშვათ შენ ამისიანი ხარ და იმისიანი ხარ, კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა დაისახოს. პრინციპში ბანკებმა უფრო სწრაფად გააკეთეს რეაგირება.
კონკრეტული შეთავაზებები [ბანკების მხრიდან] ჯერ ბოლომდე დასრულებულ ვერსიაში არ არის. ამაზე მიდის მუშაობა და ალბათ, კიდევ 1-2 კვირა დაგვჭირდება, რომ საბოლოო ვერსია იყოს. ეს არის უფრო მარტივი კრედიტირების მექანიზმი, უფრო ნაკლები უზრუნველყოფის საკითხი, შედარებით ლმობიერი მოპყრობა ბანკის მიერ არა მარტო ჩვენი სექტორის მიმართ, არამედ ზოგადად მცირე ბიზნესის მიმართ. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ ჩვენ დარგზე, თუ კრიზისი იქნება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, სოფლის მეურნეობაშიც მწვავე სიტუაცია არის მოსალოდნელი.
ბანკები ამისთვის ემზადებიან, ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს გავაგებინოთ ბანკებს და ვინც არიან ამ სფეროში ჩაბმული. ამ ჯაჭვში ჩაბმულია სახელმწიფოც. ჩვენ ვართ დოვლათის შემქმნელი დამსაქმებლები, საიდანაც ბიუჯეტში შედის თანხები. ამიტომ, წინასწარ უნდა მოხდეს ანტიკრიზისული გეგმების შემუშავება. კრიზისისთვის მზადება ახლა არის დასაწყები. თუ ეს კრიზისი ისეთი არ იქნება, როგორსაც ველოდებით, ყველას ძალიან გაგვიხარდება და არ ვისარგებლებთ ამ ანტიკრიზისული გეგმებით, მაგრამ თუკი იქნება კრიზისი ამ სფეროში, რისი პირველი ჩანასახებიც უკვე ჩანს, ჩვენ მომზადებულები ვიქნებით ამისთვის,“ - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.