რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები გადავადდა 2026 წლისთვის. მისი განცხადებით, გამზირზე მომავალი წლიდან ჯერ მიწისქვეშა და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ხოლო შემდეგი ეტაპი უკვე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იქნება.
„წლის დასაწყისში როდესაც ბიუჯეტი წარვადგინეთ, საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი იყო რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ შემთხვევაშიც იგივე დამოკიდებულება გვქონდა, რომ პირველ რიგში უნდა მოწესრიგებულიყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქალაქში. ყველგან, სადაც სამუშაოებით შევდივართ პირველი რასაც ვაკეთებთ არის სწორედ კომუნიკაციების მოწესრიგება. ასევე გვქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზეც.
ვაწარმოეთ კვლევები და გამოიკვეთა რომ გამზირზე არ არსებობს არც სანიაღვრე, არც საკანალიზაციო სისტემა, არის მხოლოდ ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ძველი კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. ის არის ავარიულ მდგომარეობაში და პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები.
ჩვენ დაგეგმილი გვქონდა რუსთაველის გამზირის სამუშაოების 3 თვეში დასრულება, თუმცა ამ სირთულეებიდან გამომდინარე უფრო მეტი დრო არის საჭირო გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის. ცოტა ადრე დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს პრობლემები რაზეც ვისაუბრეთ, მთლიანად იყოს მოგვარებული. სამუშაოების ფარგლებში პირველ რიგში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა, შემდეგ ასევე დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია თავისი ფასადებით, იმიტომ რომ ბევრი შენობა-ნაგებობა არის ავარიულ მდგომარეობაში და მათი მოწესრიგება ცენტრალური გამზირისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.