რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და აფხაზეთის ახალი კურატორის, სერგეი კირიენკოს ვაჟი, ვლადიმერ კირიენკო უახლოეს თვეებში Whatsapp-ისა და Telegram-ის რუსულ ანალოგს წარადგენს.
ინფორმაციას “ვედომოსტი” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
iOS-ისა და Android-ისთვის აპლიკაციების მაღაზიებში ციფრულ პლატფორმა Max-ის ბეტა-ვერსიას რუსული ტექნოლოგიური კორპორაცია, VK ჩაუშვებს, რომლესაც 2021 წლიდან ვლადიმერ კირიენკო ხელმძღვანელობს.
იმის მიუხედავად, რომ 2024 წლის შედეგებით VK-მ, თითქმის, 100 მლრდ რუბლით (1,2 მლრდ დოლარით) იზარალა, კომპანია Max-ის შექმნაზე 1-დან 2 მლრდ რუბლამდე (11,9 მილიონიდან 23,8 მლნ დოლარამდე) დახარჯავს და პირობას დებს, რომ ის Whatsapp-ისა და Telegram-ის „მკვლელი“ გახდება.
წყაროს ცნობით, სერვის Max-ში პირველ ეტაპზე მესენჯერის, მინიაპლიკაციების, ჩატბოტის კონსტრუქტორისა და გადახდის სისტემის ინტეგრირება მოხდება. ამასთან, პლატფორმაში სამთავრობო და სხვა სერვისების დანერგვა იგეგმება.
Max-მესენჯერში, მიმოწერის გარდა, ხმოვანი შეტყობინებები, 4 გბ-მდე ფაილის გაგზავნა და ზარებიც ხელმისაწვდომი იქნება, რა მიზნითაც VK-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სერვერები განათავსა.
VK-სთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ თუ Max-ში სამთავრობო სერვისები წარმატებით იქნება ინტეგრირებული, პლატფორმა ჩინური WeChat-ის ანალოგი გახდება.
ცნობისთვის: Mediascope-ის 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთში WhatsApp ყველაზე პოპულარულ მესენჯერად რჩება. მას 96 მლნ ადამიანი, ანუ რუსების 78,9% იყენებს. მეორე ადგილზე 72%-იანი დაფარვით Telegram, შემდეგ კი Viber-ია (26%).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ